„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.
კითხვაზე, "ბოლო წლების განმავლობაში შეიცვალა თუ არა ხალხის დამოკიდებულება საპატრიარქოს მიმართ", უმრავლესობა (48%) ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მოსახლეობის დამოკიდებულება საპატრიარქოს მიმართ უარესობისკენ შეიცვალა.
გამოკითხულთა 28% ფიქრობს, რომ დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალა. 16%–ს მიაჩნია, რომ საპატრიარქოს მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა. 8% კი ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის.
კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ განახორციელა.
კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.