„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.
გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურებიან პროკურატურა (57%), შინაგან საქმეთა სამინისტრო (55%) და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (55%).
კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ განახორციელა.
კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.