„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.
გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 51% თვლის, რომ ის მიკერძოებულია.
გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ სისტემაში არ უნდა მუშაობდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.
კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ განახორციელა.
კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.