9 ივნისს, თბილისში STEM ფესტივალი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი, რომელიც სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთის" სივრცეში გაიმართება, ასობით მოსწავლეს უმასპინძლებს და დამთვალიერებლებს 50-ზე მეტ საინტერესო პროექტს შესთავაზებს.
"STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) ფესტივალი წარმოადგენს IYIPO-ს (ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა) საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროექტს. წელს მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 12-დან 18 წლამდე ასაკის ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებს.
ახალგაზრდა მეცნიერები და ნორჩი გამომგონებლები დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტიპის აქტივობასა და სამეცნიერო პროექტებს შესთავაზებენ. წარმოდგენილი იქნება საინტერესო და სახალისო შოუს ტიპის ექსპერიმენტები, ახალი გამოგონებები, მათ შორის ბოლო პერიოდის კონკურსებში გამარჯვებული ნამუშევრებიც.
სტუმრებს საშუალება ექნებათ არა მხოლოდ დაათვალიერონ საგამოფენო სივრცე, არამედ, სურვილის შემთხვევაში, თავადაც ჩაერთონ ინოვაციურ ექსპერიმენტებში.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია 2018 წლის 30 მაისამდე ელექტრონული განაცხადის შევსება: https://docs.google.com/…/1QIWg4jVlRWwyGkUyaMF70UggulT…/edit
STEM ფესტივალის მიზანია კიდევ უფრო შეაყვაროს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნები: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა და ინფორმატიკა, დაანახოს მათი მნიშვნელობა და როლი განათლების მიღებისა თუ ქვეყნის განვითარების პროცესში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
STEM ფესტივალის ორგანიზატორები არიან: შპს სკოლა-ლიეცუმი „სხივი“, თბილისი შპს დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, მარნეული შპს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ქუთაისი შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, რუსთავი. პროექტის მხარდამჭერია სავაჭრო ცენტრი ისთ-ფოინთი.