ცნობილი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის გარდაცვალებიდან 66 წელი გავიდა. ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი დავით კაკაბაძე 1889 წლის 20 აგვისტოს დაიბადა, ხოლო გარდაიცვალა 1952 წლის 10 მაისს.
დავით კაკაბაძე მოწაფეობის წლებიდან ბეჭდავდა ნახატებს ქართულ პერიოდულ პრესაში. მან1916 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება, იმავე დროს, 1915 წლამდე, მეცადინეობდა მხატვარ ლ. დიმიტროევ-კავკაზსკის სახელოსნოში; გაეცნო რუსულ და დასავლეთევროპული მხატვრობის უახლეს მიმდინარეობებს და დაჯგუფებებს. სტუდენტობის წლებში დაიწყო ძვ. ქართული ხელოვნების კვლევა. პეტერბურგში კაკაბაძე 1918 წლამდე დარჩა.
ამ პერიოდში საბოლოოდ ჩამოყალიბდა მისი, როგორც მკაფიო თავისებურებების მქონე მხატვრის, შემოქმედებითი სახე. კაკაბაძემ შექმნა იმერული პეიზაჟების ციკლის პირველი ნიმუშები. ადრინდელი პეიზაჟებისაგან განსხვავებით, ისინი ბუნების უშუალო ასახვას კი არ წარმოადგენენ, არამედ მკაფიოდ გამოკვეთილი პრინციპების თანახმად აგებულ სურათებს, რომლებშიც მოცემულია იმერეთის ბუნების განზოგადებული სახე; კომპოზიციას ახასიათებს ნათელი, კლასიკური ტექნიკურობა.
1918 წელს კაკაბაძემ შექმნა სურათი "იმერეთი - დედაჩემი", სადაც მხატვრისთვის ჩვეული იმერეთის პეიზაჟის ფონზე გამოსახულია მოხუცი ქალის ალეგორიული ფიგურა. ამავე წელს შექმნა ლაკონიური და გრაფიკულად მკაფიო "იმერული ნატურმორტი" (ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი); ამავე პერიოდს განეკუთვნება ძვ. თბილისის ამსახველი ნახატები და წაღვერის სერია (მხატვრის ოჯახისა და დასავლეთ ევროპის სხვადასხვა მუზეუმების კუთვნილება). 1919-1927 წლებში კაკაბაძე პარიზში ცხოვრობდა, მონაწილეობდა "დამოუკიდებელ მხატვართა საზოგადოების" ყოველწლიურ გამოფენებში, სხვა ქართველ მხატვრებთან ერთად აწყობდა გამოფენებს (მოაწყო თავისი სურათების გამოფენა ამერიკაში); კითხულობდა ლექციებს ხელოვნების საკითხებზე, მუშაობდა სტერეოკინოს გამოგონებაზე (მიღებული აქვს ევროპის მრავალი ქვეყნის პატენტი), აქვეყნებდა თეორიულ ნაშრომებს.
კაკაბაძის ამ პერიოდის შემოქმედებაში აისახა ორი მიმართულება: ერთი მხრივ, მხატვარი ქმნიდა რეალისტურ, საგნობრივი სამყაროს მიერ შთაგონებულ სურათებს (პარიზის ჩანახატების სერია, აკვარელების სერია "ბრეტანი" - საქართველოს ხელოვნების მუზეუმისა და მხატვრის ოჯახის კუთვილება; "წურბელების გამყიდველი", "ბანანების გამყიდველი" - ადგილსამყოფელი უცნობია), მეორე მხრივ - უსაგნო სურათებს და კოლაჟებს (ცალკეული სერიები ინახება მხატვრის ოჯახში და საქართველოს ხელოვნების მუზეუმში).