„მწერალი და თეატრი“ - ასე ჰქვია საბა მეტრეველის ახალ წიგნს, რომელიც კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით გამოიცა. ეს არის კომპლექსური კულტუროლოგიურ-ფილოლოგიური კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული მწერლობისა და თეატრალური ხელოვნების მრავალსაუკუნოვანი ინტერაქციის, მათი ურთიერთგავლენისა და ესთეტიკური დიალოგის სისტემურ ანალიზს შოთა რუსთაველიდან გალაკტიონ ტაბიძემდე.
ნაშრომში, მდიდარ საარქივო მასალებზე დაყრდნობით, მეცნიერულადაა შესწავლილი და შეფასებული ქართველი კლასიკოსების (გრიგოლ ორბელიანი, ნიკილოზ ბარათაშილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე და სხვ.) არტისტული ბუნება, მათი სარეჟისორო თუ სამსახიობო პრაქტიკა და, ზოგადად, ფუნდამენტური წვლილი ეროვნული სასცენო ხელოვნების განვითარების საქმეში.
წიგნს ერთვის რედაქტორის, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, ჟურნალ „თეატრის“ მთავარი რედაქტორის, დავით ანდრიაძის წერილი, რომელშიც ვკითხულობთ: „ჩვენს ყბადაღებულ პოსმოდერნულ დროებაში, ანუ როგორც რილკე იტყოდა, ჩვენს „მწირ ჟამში” საბა მეტრეველი ჯიუტად იგონებს რაღაც რომანტიკული თუ პასეისტური ინტონაციებით გაჯერებულ კულტურის ტექსტებსა და ამ ტექსტების არქეოგრაფიული ძიებისას არაერთ ყურადსაღებ ინვენციას გვთავაზობს. თავად თეატრს, სახელდობრ, ქართული თეატრის ლოგოსს კი, ეროვნული კულტურის გაბმულ ტექსტად წარმოგვიდგენს.
არსებობს თეატრის თეატრმცოდნეობითი ისტორია. მაგრამ, არსებობს თეატრის ფილოლოგიური ისტორია. ეს უკანასკნელი კულტურის შტუდირების ფართო ველს გულისხმობს და ამ ველზე საბა მეტრეველი დამაჯერებლად იღვწის...
საბა მეტრეველის წიგნიც ერთგვარი თეატრია. მასაც სჭირდება „მაყურებელი“ - მკითხველი, რომელიც დატკბება ძველი დროის გმირთა ვნებული ცხოვრებითა და აზრებით.
დავტკბეთ ამ „სპექტაკლით“, რომელიც ყველას (ფილოლოგებს, ხელოვნებათმცოდნეებს, დარგის მკვლევრებს, მკითხველ-მაყურებლებს) მოგვიყვება იმ სიმართლეს, ცხოვრებაში რომ ვერასდროს შევხვდებით!
თეატრზე წერას დღეს ბევრი ბედავს; მაგრამ ცოტა თუ ახერხებს თეატრად აქციოს ტექსტი! ლოგოსში მოიძიოს თეატრი და თეატრში - ლოგოსი!
საბა მეტრეველს ეს მუდამ გამოსდის, რადგან სიტყვის კაცია, ფილოლოგოსია, უპირველეს ყოვლისა, და სიტყვის გონით ძალასაც ფლობს!
ასეთ კაცს „მაყურებელს“ რა გამოულევს?!“.
წიგნი მთავრდება ავტორის ბოლოთქმით, რომელიც ერთგვარი პასუხია მისი ცხოვრებისა და სამეცნიერო მრწამსისა: „ჩემთვის ლიტერატურა არსებობის ფორმაა, თეატრი — ცხოვრება და მუსიკა — სუნთქვა“. ამ ტრიადაში, როგორც თავად განსაზღვრავს, თითოეულს თავისი ონტოლოგიური ადგილი უკავია: ლიტერატურა აძლევს სტრუქტურასა და გააზრების საშუალებას, მუსიკა განაპირობებს მისი სულის რიტმსა და სასიცოცხლო დინამიკას, ხოლო თეატრი ის ერთადერთი სივრცეა, რომელშიც ეს ყველაფერი ხორცს ისხამს, მოქმედებად იქცევა და წიგნის ავტორის ყოფიერებას უშუალო განცდის სიმძაფრეს სძენს.
ასეთი კონცეფციით შექმნილი წიგნი განკუთვნილია ფილოლოგების, ხელოვნებათმცოდნეების, დარგის მკვლევრებისა და ქართული კულტურის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის
თეიმურაზ ჭუმბურიძე