რეჯებ ერდოღანი ლოზანის 1923 წლის ხელშეკრულების გადასინჯვას ცდილობს, მას შეუძლია ვლადიმერ პუტინი ყარსის 1921 წლის ხელშეკრულების შეცვლაშიც დაარწმუნოს, - ამის შესახებ სტატიას ამერიკული The Armenian Mirror-Spectator აქვეყნებს.
სტატიაში გაანალიზებული რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობა, რომელმაც, ბოლო დროს, „სკრიპალის საქმესთან“ დაკავშირებით, მწვავე ფორმა მიიღო. პარალელურად მასში განხილულია თურქეთის, რუსეთისა და ირანის საგარეოპოლიტიკური ნაბიჯები ახლო აღმოსავლეთში მათი პოზიციების ინტეგრირების მიზნით. ნაჩვენებია აგრეთვე საქართველოს „ანტისომხური“ როლი სამხრეთ კავკასიაში (ავტორი - ედმონდ აზატიანი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
დასავლეთისა და აღმოსავლეთის დღევანდელ კონფრონტაციაში თურქეთმა თავის თავზე ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება აიღო: აშკარაა, რომ ნატოს წევრმა ანკარამ იმ ბანაკს, რომელშიც იმყოფება, დავთრები აურია, მაგრამ მას ჯერ კიდევ თვლიან „საიმედო მეგობრად“. დასავლეთი თურქეთს ბევრ „გამოხტომას“ უთმენს, მათ შორის - რუსეთთან და ირანთან დაახლოებასაც, გარკვეული დოზით.
ისტორიულად რუსეთი, თურქეთი და ირანი ერთმანეთის მტრები იყვნენ: იყო დრო, როცა ოსმალეთის, სპარსეთისა და რუსეთის იმპერიები დიდ ომებში იყვნენ ჩართული და ერთმანეთის ტერიტორიების ოკუპირებას ახდენდნენ. თუმცა ისტორიულმა კონფრონტაციამ ხელი ვერ შეუშალა მათ დღევანდელ ინტეგრირებას სირიისა და სხვა პრობლემების ირგვლივ.
რაც უფრო მეტად ქრის ცივი ომის ქარი მსოფლიოში, მით უფრო მეტად ცდილობენ რუსეთი, ირანი და თურქეთი სირიის 7-წლიანი კონფლიქტის მოგვარებას და უფრო მეტიც - ახლო აღმოსავლეთის რეგიონის გარდაქმნას.
საინტერესოა, რომ მათი პოლიტიკური დაახლოების ჩრდილში კიდევ ერთი სამხედრო კავშირი ყალიბდება: აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა უკვე შეათანხმეს ერთმანეთთან თავიანთი გეგმები. სხვათა შორის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, რენეგატმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წლის წინათ, როცა იგი ქვეყნის მმართველი იყო, განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მტერი საქართველოს მტერიც არისო. მართალია, მას შემდეგ საქართველოში რეჟიმი შეიცვალა, მაგრამ როგორც ჩანს, მთავრობა ანტისომხურ პოლიტიკას მაინც აგრძელებს. არაფერს ვიტყვით საქართველო-აზერბაიჯანის მიერ დადებულ შეთანხმებებზე ვაჭრობისა და კულტურის სფეროში, ეს ნორმალურია, მაგრამ ის, რომ თბილისი სომხეთის მტერთან სამხედრო ხელშეკრულებებს აფორმებს, ასეთი ქმედება, რბილად რომ ვთქვათ, შემაშფოთებელია.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ანკარაში ჩადის, მის კვალს მიჰყვება ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანიც. პუტინი და ერდოღანი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მონაწილეობენ (რომელიც რუსული კაპიტალითა და ტექნოლოგიებით რეალიზდება). აქტიურად მიმდინარეობს სტრატეგიული გაზსადენის „თურქული ნაკადის“ მშენებლობაც.
რამდენადაც პრეზიდენტი რეჯებ ერდოღანი ცდილობს თურქეთის [ტერიტორიებისა და საზღვრების] შესახებ დადებული ისტორიული დოკუმენტების გადასინჯვას (მაგალითად, ლოზანის 1923 წლის ხელშეკრულების შეცვლას), იმდენად იგი შეიძლება ასევე შეეცადოს და დაარწმუნოს ვლადიმერ პუტინი ყარსის 1921 წლის ხელშეკრულების შეცვლასა და მის საბოლოო დასრულებაში.
რასაკვირველია, ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც მხარეებმა განიხილეს, ეს სირიის პერსპექტივაა. საერთო მტრის - „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ შეთანხმებული პოლიტიკის გატარებისა და ტერორისტთა განადგურების შემდეგ მოსკოვს, ანკარას და თეირანს წინააღმდეგობრივი ინტერესები გაუჩნდათ. მოსკოვმა თავისი მიზანი შეისრულა - ბაშარ ასადმა „ტახტი შეინარჩუნა“, თუმცა თურქეთს მისი დამხობა სურდა. თავის მხრივ ამერიკამ სირიელი ქურთები იარაღით უზრუნველყო, რომ მათ აფრინში შეჭრილი თურქეთის არმიისათვის წინააღმდეგობა გაეწიათ.
თურქეთი აცხადებს - სირიის მიმართ რაიმე ტერიტორიული განზრახვები არ მაქვსო, მაგრამ თუ კვიპროსის პრეცედენტს გავიხსენებთ, მაშინ უეჭველია, თურქეთის არმია სირიის ტერიტორიიდან არ გავა მანამ, სანამ მისი საზღვრებისათვის ქურთების საფრთხე იარსებებს. რუსეთსა და თურქეთს შორის ამ საკითხში ურთიერთგაგება არსებობს: ანკარა აფრინში თავისი საზღვრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რუსეთი და სირიის ხელისუფლება კი - დამასკოს უსაფრთხოებას, აღმოსავლეთ გუტაში ამბოხებულების განადგურების გზით. მოკლედ, მოსკოვმა ანკარას ქურთების პრობლემის „მოგვარებაში“ სრული უფლება მისცა.
თავისი ინტერესები აქვს ანკარის კონფერენციის მესამე მხარეს - ირანს, რომლის ყოფნა სირიასა და ლიბანში („ჰეზბოლასადმი“ მხარდაჭერით), ისრაელისთვის ანათემას ნიშნავს. ისრაელი ხომ ყოველთვის საბოტაჟს უწევდა ყოველგვარ მშვიდობიან პროცესს, რომელშიც ირანი იყო ჩართული. სწორედ ამიტომაც რეჯებ ერდოღანმა სამიტის წინ [თეირანთან სოლიდარობის მიზნით] ისრაელის პოლიტიკა გააკრიტიკა ღაზას სექტორში მომხდარი მღელვარების ჩახშობის გამო, რის შედეგად პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაღიზიანდა. თავის მხრივ, ისრაელმა სომხური გენოციდის კარტი გაათამასა: საშინაო უსაფრთხოების მინისტრმა გილად ერდანმა ქვეყნის მთავრობას სომხების გენოციდის აღიარებისაკენ მოუწოდა.
სირიის სამშვიდობო პროცესი, როგორც ჩანს, ვითარდება. ფაქტია, რომ რუსეთი, თურქეთი და ირანი კონფლიქტის მათ სასარგებლოდ დარეგულირებასთან ერთად, სხვა სფეროებში თანამშრომლობასაც აღრმავებენ და იმავდროულად, აშშ-სა და ისრაელის პოლიტიკური ინტერესებს არ ითვალისწინებენ. ბუნებრივია, რომ თავის მხრივ, ისინიც არ იქნებიან გულხელდაკრეფილნი და არ შეუდგებიან იმის ყურებას, თუ როგორ აღდგება მათი დახმარებით ფერფლისაგან სირია და გაძლიერდება...
ეს დაუსრულებელი ომის რეცეპტს ჰგავს.