დავით როსტომაშვილის ცემასა და თავდასხმაში ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ზურაბ ქუთელიას ადვოკატი, გიორგი ბარდაველიძე „ჯი-ეიჩ-ენთან“ აცხადებს, რომ როსტომაშვილი, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, კონტაქტებსა და მის ხელთარსებულ შესაძლებლობებს თავის სასარგებლოდ იყენებს.
მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს. ისინი საქმიდან ყაჩაღობის ამოღებას და ზურაბ ქუთელიას გათავისუფლებას ითხოვდნენ. როგორც ბარდაველიძე განმარტავს, მიუხდევადა იმისა, რომ პროკურატურასთან აქცია გამართეს, ძალოვანი უწყებიდან მათთან კონატქტზე არავინ გასულა.
„პროკურატურიდან არავინ გამოსულა, არც სხვა რომელიმე სახელმწიფო ორგანოდან ყოფილა რაიმე სახის გამოხმაურება. მათთვის ასეთი უკანონო გადაწყვეტილებები მისაღებია, თუ რა ხდება, არ ვიცი. დავით როსტომაშვილის თანამდებობა დღესდღეობით ძალიან მაღალია იმისათვის, რომ ხელი მიუწვდებოდეს თუნდაც, პროკურატურაში და აჩუმებდეს ყველა იმ ქვედა ეშელონს, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია შეუძლია. როსტომაშვილი ამჟამად დაცვის პოლიციის პროტოკოლის უფროსია, რაც საკმაოდ მაღალი თანამდებობაა. მისი კონტაქტები და მისი შესაძლებლობები ძალიან დიდია“, - აცხადებს ბარდაველიძე.
ცნობისთვის, 13 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნათია გუდაძემ ზურაბ ქუთელიას 7 წლით, არტემ აგაჯანოვს 6 წლით, ხოლო ბექა კირვალიძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.