„პროკურატურამ არასრულყოფილად, არაობიექტურად, არაყოველმხრივ ჩაატარა გამოძიება და მტკიცებულების დამალვის ფაქტს ჰქონდა ადგილი“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ დავით როსტომაშვილის ცემასა და დაყაჩაღებაში ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ზურაბ ქუთელიას ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ.
მისი განცხადებით, პროკურატურამ საქმეში მტკიცებულებები დამალა, რის მიხედვითაც ქუთელიას უდანაშაულობა დასტურდებოდა. საუბარია იმ ვიდეოჩანაწერზე, რომელიც შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიის სათვალთვალო კამერებიდან არის ამოღებული.
„აღნიშნულ მტკიდებულებას შეეძლო კიდევ ერთხელ დაედასტურებინა ზურაბ ქუთელიას უდანაშაულობა. იმ ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელიც ქუთელიას ავტომანქანის საქარე მინას უყურებდა, ამოღებულია, თუმცა, დაცვის მხარეს არ გადმოსცემია. ჩვენი შეფასებით, მასში პირდაპირ ჩანს, შემთხვევის დროს ზურაბ ქუთელია თუ როგორ ზის საკუთარ ავტომობილში“, - აცხადებს ბარდაველიძე.
მისი განმარტებით, სამივე მსჯავრდებული არაშესაბამისი მუხლით გასამართლდა.
„ვიდეო სათვალთვალო კამერები, რომელიც დანაშაულის ადგილიდან ამოღებულია, ასევე მოწმეთა ჩვენებები თანხვედრაშია, სადაც ჩანს, რომ იქ არანაირი ყაჩაღობა არ მომხდარა. შესაბამისად, 179-ე მუხლით საქმე არ უნდა წარმართულიყო. სამართლებრივი შეფასებით, იქ მხოლოდ ცემას ჰქონდა ადგილი, რასაც მსჯავრდებული კირვალიძე აღიარებს კიდეც.
რაც შეეხება ქუთელიას, ის დანაშაულის ადგილზე არ ყოფილა. შესაბამისად, ამ ნაწილში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა. ჩვენ, მსჯავრდებულების ოჯახის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, მოსამართლე ნათია გუდაძის მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას ვაპროტესტებთ“, - აცხადებს ადვოკატი.
აქცია, რომელიც მსჯავრდებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მთავარი პროკურატურის წინ გამართეს, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
ცნობისთვის, 13 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნათია გუდაძემ ზურაბ ქუთელიას 7 წლით, არტემ აგაჯანოვს 6 წლით, ხოლო ბექა კირვალიძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.