აბსოლუტურად ადეკვატური იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედება და რაც მთავარია, ოპერატიული, - ასე ეხმაურება ექსპერტი რამაზ საყვარელიძე "რუსთავი 2"-თან მომხდარ ფაქტს.
მისი თქმით, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჟურნალისტის ფრაზა, ძალადობა პრაქტიკულად იმ ჟურნალისტის გამართლებაა, რომელსაც ებრძვი.
„რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჟურნალისტის ფრაზა, ძალადობა პრაქტიკულად იმ ჟურნალისტის გამართლებაა, რომელსაც ებრძვი. ამაზე ოდნავ მაინც რომ დაფიქრდეს ადამიანი კარგია, მაგრამ თუ არ დაფიქრდება და არც გული, გონება უკარნახებს, იქ უკვე სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა უკარნახოს როგორ ჯობია მოქცევა. აბსოლუტურად ადეკვატური იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედება და რაც მთავარია, ოპერატიული. ანუ ამ კონფლიქტს არ მისცა გაღვივების საშუალება. საზოგადოებაშიც პოზიტიური დამოკიდებულებაა სამინისტროს მოქმედების მიმართ“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, ე.წ. ქართული მარშის წევრები "რუსთავი 2" -ის ოფისსა და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. მათ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის იურისტს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.
ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის ჟურნალისტებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ზე განხორციელებული თავდასხმისა და ჟურნალისტებზე ძალადობის გამო, ლადო სადღობელაშვილი დააკავა.