ადამიანებზე, ვინც არ უნდა იყოს ის, თავდასხმა არის მიუღებელი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "რუსთავი 2"-ზე განხორციელებულ თავდასხმას.
მისი თქმით, ასეთი თავდასხმები, შეტევები თუ ღია აგრესია ჩვენი კანონით არის დასჯადი.
"ჩემი მიდგომა არის მარტივი და მე ვფიქრობ, ასეთი მიდგომა აქვს ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ერთგული ელემენტარული პრინციპებისა, რომელსაც ეფუძნება დემოკრატიული საზოგადოება და სახელმწიფოებრიობა. ადამიანებზე, ვინც არ უნდა იყოს ის, თავდასხმა არის მიუღებელი. ასეთი თავდასხმები, შეტევები თუ ღია აგრესია ჩვენი კანონით არის დასჯადი. შესაბამისი ორგანოები მუშაობენ, რომ არავინ არ დარჩეს უპასუხოდ და არავინ არ დარჩეს დაუსჯელი, რადგან ვქმნით ისეთ საზოგადოებას, სადაც ყველას უნდა გვეცხოვრებოდეს მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან გუშინ დაპირისპირება მოხდა. მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა.
შეგახსენებთ, ე.წ. ქართული მარშის წევრები გუშინ "რუსთავი 2" -ის ოფისსა და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. მათ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის იურისტს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.
ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის ჟურნალისტებს.