ტყიბულში დამწვარი 50 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის მთავარმა ექიმმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. სხეულის დაზიანებნები იმდენად მძიმეა, ექიმს პროგნოზის გაკეთება უჭირს.
„პაციენტს ისეთი დაზიანებები აქვს, ერთ დღეში მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდებოდა. მას სხეულის 20 პროცენტიანი, მეორე, მესამე „ა“, მესამე „ბე“ ხარისხის დამწვრობა, სასუნთქი გზების თემრმულ-ინჰალაციური დაზიანება, თავი მთლიანად, გულ-მკერდის წინა ზედაპირი, ორივე მტევანი და წინა მხარი აქვს დაწმვარი. საკმაოდ სერიოზული დიაგნოზია, დანარჩენს ვერაფერს გეტყვით“, - აცხადებს ქაშიბაძე.
გუშინ, 19 მარტს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში 50 წლის მამაკაცს მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტს მეზობლებს შორის წლების წინ დაწყებული კონფლიქტი უძღვოდა.
სამართალდამცავებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 69 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას, 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ექმუქრება.