არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ზვიად დევდარიანის მხარდაჭერის გამო ბოდიშს იხდის.
"მართლა შოკირებული და განადგურებული ვარ და მინდა ბოდიში მოგიხადოთ ყველას ვისაც რამენაირად შეეხო ჩემი წინა როგორც ირკვევა არაადექვატური პოსტები. სიტყვა ‘ვწუხვარ’ ბოლომდე ვერ გამოხატავს იმას რისი თქმაც მინდა. ვისთვისაც მეგობრობა და მეგობრის გვერდით დგომა მნიშვნელოვანია იმედია გამიგებთ რა მამოძრავებდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გულწრფელ ბოდიშს გიხდით ყველას ვისაც ეს შეგეხოთ.
ეხლა ამის დრო არ არის, მაგრამ ამ ყველაფრის გააზრებასთან ერთად გული მერევა მათზე ვინც იცოდა ეს ყველაფერი და სცადა ამის თავისი პირადი თუ მოპოლიტიკურო ღვარძლის ამონთხევის საშუალებად გამოყენება - ესეთ მომენტში და ესეთ საკითხზე ამისთვის რომ გცალიათ და ესე ბინძურად იყენებთ მხოლოდ თქვენს მორალურ სახეზე მეტყველებს", - წერს ონიანი.
ცნობისთვის, 17 მარტს „ტაბულამ“ 4 ქალის ისტორია გამოაქვეყნა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია CIDA-ს დირექტორს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს კანდიდატად წარდგენილ ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.
ისტორიების გამოქვეყნებამდე დევდარიანი სექსუალურ ძალადობაში ქალთა მოძრაობამ დაადანაშაულა და სახალხო დამცველს პარლამენტიდან მისი კანდიდატურის გამოწვევა სთხოვა.
დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კონკურსს თავად გამოეთიშა, რასაც სახალხო დამცველი მიესალმა.