ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) ვალეში კათოლიკური ხატებისა და წიგნების დაწვის ფაქტს ვანდალიზმს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მომხდარს გამოძიებამ პასუხი დროულად უნდა გასცეს.
მისი თქმით, მომხდარი ან შეგნებული პროვოკაციაა, ან ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანის ნახელავი.
"ა.წ. 12 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტის დაბა ვალეში მცირე სალოცავთან კათოლიკური ხატებისა და ლოცვის წიგნების დაწვის ფაქტი ვანდალიზმია, რასაც გამოძიებამ პასუხი აუცილებლად დროულად უნდა გასცეს.
არ არის გამორიცხული, რომ დამწვარ ხატებსა და წიგნებს შორის მართლმადიდებლურიც იყო, რადგან ეს ისეთი ადგილია, სადაც მსახურება არ აღევლინება და აქ სანთლის დასანთებად მართლმადიდებლებიც დადიან.
მომხდარი ან შეგნებული პროვოკაციაა, ან ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანის ნახელავი", - განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორემ.
ცნობისთვის, სოფელ ვალეში სამლოცველოსთან კათოლიკური ხატები და წიგნები დაწვეს. შესაბამისი ფოტომასალა თვითმხილველმა 12 მარტს გაავრცელა.