უკრაინის ანალიტიკურ გამოცემამ «Слово і Діло» გამოაქვეყნა ინტერვიუ ცნობილ პოლიტოლოგ ვადიმ კარასევთან, გლობალური სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორთან, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მომავალ ბედზე, უფრო ზუსტად კი - საქართველოში მის სავარაუდო პოლიტიკურ პერსპექტივაზე ისაუბრა.
როგორც ცნობილია, ექს-პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში თანაპარტიელებს და მხარდამჭერებს საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადებისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ 2018 წლის არჩევნებში მათ უნდა გაიმარჯვნონ და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.
„მოცემულ სიტუაციაში ექს-პრეზიდენტის განცხადებას ორი ახსნა შეიძლება ჰქონდეს: პირველი - მიხეილ სააკაშვილი აცნობიერებს, რომ მიმდინარე წელს უკრაინაში დაბრუნებას ვერ შეძლებს. კაცმა რომ თქვას, ჩვენთან მას მაინც არავინ ელოდება - არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება. მიხეილ სააკაშვილს ასევე ესმის, უკრაინის ხელისუფლება და ოპოზიცია არჩევნების დროს წესების მიხედვით იმოქმედებენ, ანუ ყოველგვარი მაიდნების, ვითარების დაძაბვისა და ქუჩის პოლიტიკური მსვლელობების გარეშე. ოპოზიციას, რომელსაც ვერხოვნა რადაში (პარლამენტში) თავისი წარმომადგენლობა ჰყავს, საკმაოდ კარგი შანსები აქვს ქუჩაში გამოსვლებისა და მიხეილ სააკაშვილის სამიტინგო ქარიზმატულობის გარეშეც გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს“, - ამბობს ვადიმ კარასევი, - „ასეთ პირობებში ყოფილი პრეზიდენტი, ალბათ, აცნობიერებს, რომ მას უკრაინის ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შესაძლებლობა არ აქვს“.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაინც არსებობს ერთი გარემოება: უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი თავისი დასავლელი მეგობრებისაგან მხარდაჭერას ვეღარ მიიღებს (ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან), მაგრამ რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას და ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას, მას შეუძლია გარკვეული მხარდაჭერა ჰქონდეს ადამიანთა ჯგუფებისაგან, გავლენის ცენტრებიდან და დასავლელი პარტნიორებისაგან“, - განმარტა ექსპერტმა.
ვადიმ კარასევმა არ გამორიცხა, რომ მიხეილ სააკაშვილსა და თავის პარტიას შორის შეიძლება რაღაც გარიგება არსებობდეს: „დიახ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაგრამ საქართველოში მას თავისი პარტია ჰყავს, რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არცთუ ისე ცუდი შედეგები აჩვენა. თუ მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში მეტ ყურადღებას დაუთმობს ქართულ პოლიტიკას, მაშინ მისი მომხრეებს თბილისში წარმატების მეტი შანსი ექნებათ. ასეთ სიტუაციაში ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნებას შეძლებს“, - განმარტა პოლიტოლოგმა. იგი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკას და ქუჩის ოპოზიციის მართვას თანდათანობით ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს. შეიძლება ითქვას, რომ ისტორია „სააკაშვილი-პოლიტიკა-უკრაინა“ უკვე დასრულებულია. ყოველ შემთხვევაში, მისი პირველი რაუნდი მაინც. „მით უმეტეს, რომ „კარვების ქალაქმა“ თავისი თავი უკვე ამოწურა. 18 მარტს დაგეგმილი ქუჩის მარში საეჭვოა, რომ მასობრივი იყოს. მის მიმართ მხარდაჭერა საშუალოც კი არ არის“, - დაამატა მან.
„ამიტომაც, ექს-პრეზიდენტისთვის უმჯობესია უკრაინული პროექტის რეალიზება შეწყვიტოს (დროებით მაინც) და ძველს - ქართულ პროექტს დაუბრუნდეს. ამიტომაც მზერა საქართველოს მიაპყრო. მას იქ დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მისი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს, ხელისუფლებაში დაბრუნდება და მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს (ან სასამართლოს განაჩენს) გააუქმებს - მას პოლიტიკურ დევნად ჩათვლის და არა სისხლის სამართლებრივად“, - ასეთი რეზიუმე გააკეთა ვადიმ კარასევმა.