ბრიტანეთში მცხოვრები რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ოფიცერი, სერგეი სკრიპალი, რომელიც რუსეთში სამშობლოს ღალატისთვის იყო გასამართლებული, ბრიტანეთში უცნობი შხამით მოწამლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
„მივიღეთ შეტყობინება ორ ადამიანზე, რომლებიც თავს შეუძლოდ გრძნობდნენ. ადგილზე მისვლისას დავაფიქსირეთ 60 წლამდე მამაკაცი და 30 წლამდე ქალბატონი, რომლებიც სავაჭრო ცენტრთან მდებარე სკამზე უგონო მდგომარეობაში იწვნენ. ქალაქ სოლსბერიში“ - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ისინი გამოიყურებოდნენ უცნაურად და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მათ მიღებული ჰქონდათ რაღაც ძალიან ძლიერი საშუალება, რადგან მამაკაცი მაღლა იყურებოდა და ხელით უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა.
სავაჭრო ცენტრი და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად იქნა დაზინფიცირებული. დროებით იქნა დახურული საავადმყოფოს მიმღები განყოფილებაც, სადაც დაზარალებულები მიიყვანეს. ქალაქ სოლსბერის ძალოვანებმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.