სირიელმა ჩინოსნებმა ჰუმანიტარული მედიკამენტები მიითვისეს. Reuters-ის ინდორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჰუმანიტარული სატვირთო მანქანებიდან, რომლებიც აღმოსავლეთ ღუტაში უნდა ჩასულიყო, პირველად დახმარების ნივთები ამოიღეს.
"ქირურგიული კომპლექტები, დიალიზისა და ინსულინის აპარატები, უსაფრთხოების სამსახურმა წაიღო", - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა. მთლიანობაში სატვირთო მანქანებიდან დაახლოებით 70% გაიტანეს. მიზეზი უცნობია.
გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ რეზოლუცია 24 თებერვალს მიიღო, თუმცა შეთანხმება მიღებიდან რამდენიმე საათში დაირღვა.
აღმოსავლეთ ღუტა ერთ-ერთი ბოლო ტერიტორიაა, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. ქალაქი 4 წელზე მეტია ალყაში იმყოფება. ამ რეგიონში 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.