"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" 3 მარტს გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საჯარო უწყებების პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა და მათი ანაზღაურების ოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
"საკვლევ პერიოდში, რომელიც 2012-დან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით მონაკვეთს და 121 საჯარო უწყებიდან მიღებულ ინფორმაციას მოიცავს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებამ ჯამურად 55 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობა 423-დან 643-მდე გაიზარდა. ამ მონაცემებში არ არის ასახული მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემები, რადგან მან ინფორმაცია არ მოგვაწოდა.
კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტი თანხა შსს-მ დახარჯა, რამაც 5 წლის განმავლობაში 5 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი შეადგინა, მაშინ როცა თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს იმავე პროფილის თანამშრომლების შენახვა საქართველოს ბიუჯეტს, შესაბამისად, 3 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი და 3 მილიონ 600 ათას ლარამდე დაუჯდა.
2016 საარჩევნო წელს როგორც თანამშრომელთა, ისე საბიუჯეტო დანახარჯების ოდენობამ პიკს მიაღწია", - წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" გავრცელებულ ინფორმაციაში.