საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილს, გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით წერილობით მიმართა.
როგორც პატრიარქი წერილში აღნიშნავს, "უკვე კვირაზე მეტია, რაც ტატუნაშვილის ცხედარი არ გადმოეცა განსვენებულის ოჯახს და მის მშობლებსა და ახლობლებს არ აქვთ საშუალება დაკრძალონ იგი ქრისტიანული წესით".
„მოგესალმებით ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით და მოგმართავთ რამდენიმე ხნის წინ, ქალაქ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მშობლების თხოვნით.
ჩვენ ყველანი დიდად შეწუხებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ უკვე კვირაზე მეტია, რაც ამ ახალგაზრდის ცხედარი არ გადმოეცა განსვენებულის ოჯახს და მის მშობლებსა და ახლობლებს არ აქვთ საშუალება დაკრძალონ იგი ქრისტიანული წესით, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მათ მწუხარებას და მთელი საზოგადოების გულისტკივილსა და აღშფოთებას იწვევს.
ვიცით, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა არ შედის თქვენი უწმინდესობის კომპეტენიაში, მაგრამ გთხოვთ გამოიყენოთ თქვენი მაღალი ავტორიტეტი და გვიშუამდგომლოთ შესაბამისი ორგანოების წინაშე, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს. თქვენი მხრიდან ეს იქნება ნუგეში და დიდი დახმარება, როგორც გარდაცვლილის ახლობლებისთვის, ისე ჩვენთვის“, – აღნიშნულია წერილში.