„ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განმარტება ემატება.
კერძოდ, „ქურდული სამყაროს” საქმიანობა არის „ქურდული სამყაროს” წევრის ან „კანონიერი ქურდის” მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომლის მიზანია, დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, „ქურდული შეკრების/გარჩევის“ გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით „ქურდული სამყაროს” წევრისთვის, „კანონიერი ქურდისთვის“ ან სხვა პირისთვის სარგებლის მიღება, ძალაუფლების ან გავლენის მოპოვება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების გზები ამომწურავი აღარ არის.
პროექტი გულისხმობს ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებას, რომელიც „ქურდული სამყაროს“ მიზნების მიღწევას ემსახურება.
„კანონის მოქმედი რედაქციით, „ქურდული სამყაროს“ მიზნად განსაზღვრულია სარგებლის მიღება, რაც რეალურად ავიწროებს ამ ნორმის გამოყენების ფარგლებს. რიგ შემთხვევებში, „ქურდული სამყარო“ სამართლიანობისა და სხვა კეთილშობილური იდეების სახელით მოქმედებს. შესაბამისად, ქონებრივი სარგებლის მიღების მიზანთან ერთად, კანონმდებლობას ძალაუფლების, გავლენის მოპოვების მიზანი ემატება”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ამავე თემაზე: იმისთვის, რომ პირთა ერთობა მიჩნეული იქნეს „ქურდულ სამყაროდ” კონკრეტული დანაშაულის არსებობა აუცილებელი აღარ იქნება