ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და ამბობენ, რომ ტრიპოლის იზოლატორში არაადამიანურად ეპყრობიან.
ერთ-ერთი მეზღვაურის დედის განცხადებით, დაკავებულებს საჭმელი არ აქვთ, ამასთანავე, უცხოელი ადვოკატები ჰყავთ, რომლებთანაც კომუნიკაციას ვერ ახერხებენ.
მეზღვაურების თქმით, საქართველოს საკონსულო ეგვიპტეში, რომელიც ასევე ლიბიას ფარავს, მათ არ შეხმიანებია. თარჯიმანს არ ესმის ოთხი ენიდან არც ერთი, რომლებიც მეზღვაურებმა იციან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამმართველოს უფროსის, გრიგოლ მაგრაქველიძის განცხადებით, ლიბიაში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებს ბრალი კონტრაბანდაში ედებათ.
მისივე განმარტებით, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ქართული მხარე იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას ჩვენი თანამოქალაქეებისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით.
„ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემის, REX-ის დაკავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს ეცნობა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გემზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 11 წევრი, მათ შორის სამი საქართველოს მოქალაქე. გემი გადაყვანილია ტრიპოლის პორტში. ამჟამად, მეზღვაურები იმყოფებიან ქალაქ ტაჟურას დამანის ციხეში (Dhaman Prison in Tajura). მათ ბრალი ედებათ კონტრაბანდის მუხლით. საქმეს იძიებს ლიბიის პროკურატურა. მეზღვაურების საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს (რომელიც აკრედიტებულია ასევე, ლიბიაში) მეშვეობით.
ლიბიაში არსებული შიდა კონფლიქტის, დაძაბულობის და ადგილზე საქართველოს რეზიდენტი საელჩოს საკონსულოს არ არსებობის პირობებში ქართული მხარის ხელთ არსებული საკონსულო დაცვის ბერკეტები საკმაოდ შეზღუდულია.
მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ქართული მხარე იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას ჩვენი თანამოქალაქეებისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით. კერძოდ, ჩვენი თხოვნით მაქსიმალურად გვეხმარებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები, სახელდობრ, ლიბიაში უნგრეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა. ასევე, ვინაიდან ხომალდის ეკიპაჟის 11 წევრიდან 5 თურქეთის მოქალაქეა, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოც მუშაობს თურქულ მხარესთან, მათი პოზიციის გარკვევასა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზე. ამჟამად მიმდინარეობს განხილვა საქართველოს დაკავებული მოქალაქეებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის ოპტიმალური გზების განსაზღვრის მიზნით“, - განაცხადა გრიგოლ მაგრაქველიძემ.