ვაშინგტონმა ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებების დასრულების გეგმა წარადგინა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა 20 პუნქტისგან შედგება.
გეგმის თანახმად, „თუ ორივე მხარე დათანხმდება წინადადებას, ომი დაუყოვნებლივ დასრულდება. ისრაელის ძალები შეთანხმებულ ხაზამდე უკან დაიხევენ, რათა მძევლების გათავისუფლებისთვის მოემზადონ. ამ დროის განმავლობაში, ყველა სამხედრო ოპერაცია, მათ შორის საჰაერო და საარტილერიო დაბომბვები, შეჩერდება და საბრძოლო ხაზები გაყინული დარჩება იქამდე, სანამ სრული ეტაპობრივი გასვლისთვის შესაბამისი პირობები არ შეიქმნება“. ღაზა „დერადიკალიზებული, ტერორიზმისგან თავისუფალი ზონა იქნება, მეზობლებს საფრთხეს არ შეუქმნის და მისი განვითარება მოხდება ღაზას მოსახლეობის საკეთილდღეოდ“.
ისრაელის მიერ წინადადების მიღებიდან 72 საათის განმავლობაში ყველა დარჩენილი მძევალი დაუბრუნდება ისრაელს, მათ შორის გარდაცვლილების ცხედრებიც, აშშ დაამყარებს დიალოგს ისრაელსა და პალესტინელებს შორის „მშვიდობიანი და აყვავებული თანაარსებობის პოლიტიკური პერსპექტივების შესახებ შეთანხმების მისაღწევად“; აშშ არაბულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავებს დროებითი საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების შესაქმნელად, რომლებიც დაუყოვნებლივ განთავსდებიან ღაზაში; „ჰამასის“ წევრებს, რომლებიც ვალდებულებას იღებენ მშვიდობიანი თანაარსებობაზე და განიარაღდებიან, მიენიჭებათ ამნისტია; ყველა მძევლის გათავისუფლების შემდეგმ ისრაელი გაათავისუფლებს 250 პირს, რომელთაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი, ასევე 1 700 პირს, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ დააკავეს; დახმარების შეტანა და განაწილება განხორციელდება ორივე მხარის ჩარევის გარეშე გაეროს მეშვეობით; თუ ორივე მხარე დათანხმდება ამ წინადადებას ომი დაუყოვნებლივ დასრულდება.
თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოპტიმიზმი გამოთქვა პალესტინელებით დასახლებულ სანაპირო ზოლში ომის სწრაფი დასრულების შესახებ და განაცხადა, რომ ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა „ძალიან ახლოსაა“.
ტრამპის თქმით, ნეთანიაჰუ მის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმას დათანხმდა.
მან დასძინა, რომ „ჰამასისგან“ თანხმობა ჯერ არ არის მიღებული.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს გეგმაზე დათანხმებისთვის და იმ ნდობისთვის, რომ თუ ერთად ვიმუშავებთ, შეგვიძლია დავასრულოთ სიკვდილი და განადგურება, რომელსაც ვხედავთ მრავალი წლის, ათწლეულების, თუნდაც საუკუნეების განმავლობაში, და დავიწყოთ უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის ახალი თავი მთელი რეგიონისთვის”, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ „ჰამასი“ უარს იტყვის ისრაელს ექნება შეერთებული შტატების მხარდაჭერა სამხედრო კამპანიის გასაგრძელებლად.