2026 წლის 1 ნოემბრიდან ლატვია გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერთი თვით პირველად უხელმძღვანელებს. თავმჯდომარეობის პერიოდში ქვეყანა საბჭოს ყველა ოფიციალურ და არაფორმალურ შეხვედრას გაუძღვება.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მთავარი პრიორიტეტები იქნება უკრაინის მხარდაჭერა, საერთაშორისო წესრიგის დაცვა და ახალი ტექნოლოგიებით გამოწვეული უსაფრთხოების პრობლემების მოგვარება.
ლატვიის ელჩის გაერო-ში, სანიტა პავლუტა-დესლანდესის განცხადებით, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ქვეყანა საბჭოს მუშაობაში განსაკუთრებით თვალსაჩინო როლს იკავებს. მისი თქმით, ლატვია ამ შესაძლებლობას საკუთარი ინტერესებისა და ღირებულებების დასაცავად, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად და პასუხისმგებლიანი პოზიციის საჩვენებლად გამოიყენებს.
ელჩის განმარტებით, უშიშროების საბჭოს დღის წესრიგის დაახლოებით 90%-ს რეგულარული შეხვედრები შეადგენს, თუმცა თავმჯდომარე ქვეყანას შეუძლია, დამატებით ერთი ან ორი შეხვედრა დანიშნოს, რათა მისთვის პრიორიტეტული საკითხები გამოკვეთოს. ლატვია ამ შესაძლებლობას საკუთარი პრიორიტეტების წინ წამოსაწევად გამოიყენებს.
პავლუტა-დესლანდესის თქმით, ლატვიის მთავარი მიზანი უშიშროების საბჭოში ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაა, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერით.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რუსეთის ომი უკრაინაში გაერო-ს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ საკითხად დარჩეს, არ დავუშვათ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ნორმალიზება, ვამხილოთ რუსეთის პროპაგანდა და ტყუილები და საერთაშორისო საზოგადოებას ავუხსნათ რუსეთის იმპერიალისტური მიზნები და მათი გლობალური შედეგები“, - განაცხადა ლატვიის ელჩმა.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2026 წელს უშიშროების საბჭოში უკრაინის საკითხზე 16 ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. თითქმის ყველა მათგანი ლატვიამ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, უკრაინის მოთხოვნით მოიწვია.
ლატვია გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად პირველად 2025 წლის 3 ივნისს აირჩიეს. ქვეყანამ 188 მონაწილე სახელმწიფოდან 178-ის მხარდაჭერა მიიღო. ლატვიის ორწლიანი წევრობის ვადა 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.