კარიბის აუზსა და აშშ-ის სანაპიროებს ამჯერად ქარიშხალი ,,მარია“ უახლოვდება. ტროპიკულმა შტორმმა პირველ კატეგორიას მიაღწია და მცირე ანტილის კუნძულებისკენ მიიწევს.
სინოპტიკოსებისვარაუდით, ქარიშხალი ამ დროისთვის ბარბადოსიდან 225 კილომეტრის მოშორებით გადაადგილდება. ქარის სიჩქარე საათში 120 კილომეტრს შეადგენს, თუმცა კუნძულებთან მიახლოებასთან ერთად, ქარიშხლის სიმძლავრე მოიმატებს და, შესაძლოა, მეოთხე კატეგორიასაც მიაღწიოს.
უახლოეს საათებში, ის ბაჰამისა და ბერმუდის კუნძულებს, შემდეგ კი პუერტო რიკოსა და აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდება თავს.
„მარიას“ კი უკან ტროპიკული შტორმი „ლი“ მოსდევს, რომელიც ასევე კარიბის აუზის კუნძულებს ემუქრება.
ატლანტის ოკეანეში ამჟამად კიდევ ერთი ქარიშხალი "ხოსე" მძვინვარებს, რომელიც უახლოეს დღეებში შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს მიუახლოვდება.
თვის დასაწყისში კარიბის აუზსა და ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს უძლიერესმა მე-5 კატეგორიის ქარიშხალმა „ირმამ“ გადაუარა. სტიქიამ 82 ადამიანი იმსხვერპლა და რეგიონს 62 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა.