„ცაგურიას არ აქვს განათლება, არც კომპეტენცია, არც საგნების სწორად აღქმის უნარი“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დაჩი ცაგურიას განცხადებას.
მათივე ინფორმაციით, არჩევნებში ირაკლი პეტრიაშვილის მონაწილეობა პროფკავშირული ნიშნით და პროფკავშირების წარდგინებით გადაწყდა.
„პოლიტიკოსად შემდგარ არ შემდაგრობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა საკითხებთან - ცაგურიას არ აქვს განათლება, არც კომპეტენცია, არც საგნების სწორად აღქმის უნარი, თორემ მისთვის ცნობილი იქნებოდა, რომ პოლიტიკურად შემდგარი ირაკლი პეტრიაშვილი უკვე არის, როგორც საქართველოში ისე ევროპაში (ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტია და მისი არჩევა მრავალმილიონიან ორგანიზაციაში ხმათა უმრავლესობით მოხდა), მსგავსი საერთაშორისო მხარდაჭერა არც ცაგურიას და არც მის დამკვეთებს, ვისაც იგი გოშიასავით ემსახურება, ვერ ეღირსებათ.
რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნებში პეტრიაშვილის მონაწილეობა პროფკავშირული ნიშნით და პროფკავშირების წარდგინებით გადაწყდა და ცაგურიასავით პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მას არასოდეს უხტუნავია; საარჩევნო კამპანიის დროს იგი მყარად პროფკავშირულ ხაზს ატარებდა, სადაც არა 1% არამედ 9% იანი მხარდაჭერა აიღო, რაც ასევე საარჩევნო სისტემის სიყალბემ და კორუფციამ განაპირობა, რაც ასევე დიდწილად ცაგურიას დამკვეთების "დამსახურება" იყო.
პოლიტიკოსად ადამიანი შეიძლება ჩამოყალიბდეს ან ვერ ჩამოყალიბდეს და ეს ტრაგედია არაა, მაგრამ კაცად ჩამოყალიბება გაცილებით დიდი პრობლემა და მიუწვდომელი პერსპექტივაა ცაგურიასთვის.
რაც შეეხება აქციას, პროფკავშირების თავმჯდომარე არწმუნებდა რკინიგზელთა პროფკავშირს , რომ ყველა რესურსი გამოეყენებინა, რათა შიმშილობა არ დაწყებულიყო, არა იმიტომ, რომ პროტესტს არ იმსახურებს ის ბინძური მართვის სისტემა რაც რკინიგზაშია გამეფებული, არამედ იმიტომ, რომ ამ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ხალხის ისედაც გაუსაძლისი ყოფა, კიდევ უფრო არ დაემძიმებინათ.
საქარველოს პროფკავშირები განსხვავებას ნაციონალური მოძრაობის დროს არსებულ შუა საუკუნეობრივ აზროვნებას და ქმედებებს და ცაგურიას და მისი პატრონების ქმედებებს შორის არსებითად ვერ ხედავს. რა პროტესტიც ჰქონდათ პროფკავშირებს რკინგზაში მაშინ და რის გამოც, უწევდა საქართველოს მთავრობას ვაშინგტონს, ბრიუსელს თუ ჟენევაში თავის მართლება, იგივე ხდება ცაგურიას და მისი პატრონების მართულ რკინიგზაში დღეს“, - ნათქვამია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებაში.
ცნობისთვის, რკინიგზელთა პროტესტთან დაკავშირებით დაჩი ცაგურიამ განაცხდა, რომ საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ უკვე მეორე დღეა, ვუყურებთ სააკაშვილის სიბინძურეში აღმოცენებული, არშემდგარი პოლიტიკოსის ირაკლი პეტრიაშვილის მიერ მოწყობილ პროვოკაციას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი უკვე მეორე დღეა შიმშილობს.