ბოლო რამდენიმე დღეა აჟიოტაჟია ატეხილი ერთ სტატიაზე, რომელსაც საფუძვლად არანაირი კვლევა არ უდევს. სამაგიეროდ დიდი ტირაჟით ვრცელდება სხვადასხვა ინტერნეტ გვერდებზე და ჩემი რამდენიმე პატივსაცემ ფეისბუქმეგობრის ფეისბუქკედელზეც. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, გაზიარებული აქვთ ეს სტატია თუ გამიზნულად შავი პიარის მქონე მოსაზრება, რომლის ქვეშაც, კომენტარების სახით მიდის დიდი სჯა-ბაასი საქართველოში და მათ შორის აჭარაში ტურიზმის სფეროში არსებული მთელი რიგი გამოწვევების დრამატიზებულ-ქსენოფობიურ-აპოკალიპტური სულისკვეთებით გაჟღენთილი, გულზე მჯიღისცემის ხმის გამომცემი სტატუსებით.
სტატიის ავტორს თუ ავტორებს, დარგის მთელი პრობლემატიკა ისეთი მტკიცებითი ფორმით აქვთ გადმოცემული, რომ ოდნავ განსხვავებული მოსაზრებისთვის, თითქოსდა ადგილი აღარ რჩება. არადა სად იმ სტატიაში მოყვანილი ე.წ „რეალობა“ და სად ის რეალობა რაც ციფრებში, პროცენტებში და კვლევების შედეგად რეალურად გამოკითხული ტურისტებისგან მიღებულმონაცემებშია.
ასეთი ნეგატიური სტატიების თუ მოსაზრებების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის ვირტუალური სივრცე, მაგრამ აქ ჩემი გაკვირვება და ზოგადად ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრების სხვებისთვის გაზიარება იმ ადამიანების გამო გადავწყვიტე, რომლებიც წესით უნდა ერკვეოდნენ საკითხში, მათი ინტერესებიდან, ტურიზმში უშუალოდ ჩართულობიდან და ე.წ ექსპერტობიდან გამომდინარე. ისინი ანალიზის თუ საკითხის რეალური არსის ცოდნის პრობლემას არ უნდა უჩიოდნენ.
მოდით თვალი გადავავლოთ ჩვენი „კეთილისმყოფელის“ მოსაზრებებს კიდევ ერთხელ.
დავიწყოთ!
დასაწყისიც საინტერესოა 01) თითქოს დეკლარირებულად 09-ის მერე 10-ზე და შემდგომ 99 უნდა ავიდეს. თავიდანვე გვამზადებს ამ ყველაფრისთვის. რეკომენდაციას ვაძლევ, მეტი სიმძაფრისათვის 001 ან უფრო შორს წავიდეს და 0001-დან დაიწყოს ათვლა.
01) „უდიდესი დარტყმა ქართული ტურიზმისთვის“ ქსენოფობიური სულისკვეთებით გაჟღენთილი სტრიქონები და მუდმივი ხაზგასმა რელიგიასა თუ წარმომავლობაზე. თავად კი ირწმუნება არ დამწამოთ ნაციზმის მსგავსი რამ, არასწორი იქნებაო, და მართალიცაა, ამ რამდენიმე სტრიქონს თავისი ა),ბ) და გ) ქვეპუნქტების მიხედვით სხვა სახელი – ქსენოფობია და არაკომპეტენტურობა ქვია.
სტრიქონიდან სტრიქონზე, არც თუ ისე ოსტატურად აბურთავებული რამდენიმე ძირითადი საკვანძო სიტყვა: აზია, ევროპა, პროსტიტუცია, დაუსჯელობა კარგად ილექება ადამიანის ცნობიერებაში, რომელიც პირდაპირ ამ მიზნისთვისაა დაწერილი და სრულად არ ასახავს არსებულ სინამდვილეს. ავტორს თუ ავტორებს იმაზეც კი უზრუნიათ მკითხველი არ გადაღალონ და ამ ყველაფერს თავად მოუფიქრეს ტერმინი: აზიურ-მუსულმანური პრობლემა. აჰა ბატონო, აგერ ბურთიც და მოედანიც. გაგვიშიფრეს და დაგვილაგეს სქემა, თორემ ქართველი, ევროპელი ან ერთმორწმუნე თუ გახსნის მსგავსი ტიპის დაწესებულებას იქ ხომ ფრთაშესხმული ანგელოზები იქნება ყველა… მკითხველი ალბათ მიხვდება საითკენ მიყავს „კეთილისმყოფელ“ თანამოკალმე(ებ)ს ჩვენი აზროვნების ნაკადი.
ძვირფას ა)ბ)და გ) ქვეპუნქტებში მოყვანილ ფაქტების მსგავსი სიტუაციები,სამწუხაროდ, მართლაც ხდება, მაგრამ საბედნიეროდ იშვიათად, არა ისეთი სიხშირით და ისეთი სიმწვავით, როგორც ეს სურთ რომ წარმოაჩინონ.
02) დარტყმა სიმძაფრით ნომერი ორი – მომსახურების სფერო. ავტორს სასტუმროს და რესტორნის მომსახურე პერსონალი ჰყავს განსაკუთრებით ამოჩემებული. მე ვერ დავეთანხმები და ვერ ავყვები სტატიის დამწერ(ებ)ს სერვისის სფეროში ჩართული ადამიანების ლანძღვაში. დარგში შესაძლოა ბევრი გამოწვევაა, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, არა ისე აპოკალიპტურად, როგორც ამას ყოველი მეორე სტრიქონის მერე ღაღადებენ. მე და ჩემი ფეისბუქის მეგობრები პირადად ვიცნობთ უამრავ, ასობით და შესაძლოა ათასობით ადამიანს, რომლებიც დასაქმებულები არიან აღნიშნული მიმართულებით და ბევრი მათგანი ჩემი პირადი მეგობარია. მათთვის ვერანაირად ვერ გავიმეტებ ისეთ ვაი ეპითეტებს როგორიცაა „მამის მკვლელი სახე“ და „ჩემი ვალი გაქვს“ გამოხედვა, უცხო ენების უცოდინრები (იხ. ქვეპუნქტი ა) … არ შეიძლება ბატონებო ასე, არა, თქვენ ამ გამოთქმებით ათასობით ადამიანს შეურაცხყოფთ, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ, ზოგჯერ სამუშაო საათებსაც აჭარბებენ იმის გამო, რომ სტუმარს კარგი სერვისი შესთავაზონ და კმაყოფილი გაუშვან.
ქვეპუნქტი ბ) გემოვნებაზე არ დაობენ თემაა (არადა ადამიანები მარტო ამის გარკვევაში ვართ მთელი ცხოვრება). ძალიან საეჭვო ადგილებში უწარმოებია „კვლევები“ ამ ხალხს. ტაფაზე გამომცხვარი ხაჭაპურის, ყველის ხარისხის და ფასის დამდგენი ტურისტები თუ ვინმე ხართ შემეხმიანეთ ან შემახვედრეთ მაინც გთხოვთ. იგივე სიმძაფრით შეგეძლოთ ხინკალზე და მწვადზეც გეთქვათ ორიოდე სიტყვა, მაგრამ გასტრონომიულ ტურიზმს ალბათ ისევ მიუბრუნდებით.
ქვეპუნქტი გ) საქართველოს მთიანეთი, რომლის მაცხოვრებლები წამიერად მოინათლა მყვლეფავებად, ფულზე გამწარებულებად, საშინლად გააფერისტებულებად, ყველაფერზე წამსვლელებად, წამგლეჯებად……არც კი მინდა უკან მოვიხედო და ამ „ხოტბას“ კიდევ ერთხელ გადავხედო. უბრალოდ, ბოდიშს ვუხდი ჩემს ყველა ნაცნობს-მეგობარს, რომლებიც მთაში ცხოვრობენ და ასე თუ ისე ჩართულები არიან ტურიზმში, ასეთი ადამიანების არსებობისთვის, რომლებიც საზოგადოებას საკუთარ ხალხს, თან რა ხალხს!!! მთაში მაცხოვრებლებს, ათას სიდუხჭირესთან ნაომარ-ნაჯაფარს ამგვარი სიტყვებით რომ აცნობს და „აყვარებს“.
03) ტაქსისტები აქ მე და სტატიის ავტორ(ებ)ს შეგვიძლია შვებით ამოვისუნთქოთ და ერთად მივაყაროთ ქოქოლა ტაქსისტებს. ეს მართლაც დიდი გამოწვევაა, მაგრამ არა მარტო ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, სადაც ტურიზმი დინამიურად ვითარდება და პრობლემებიც დინამიურად იცვლის ხოლმე სახეს, გეოგრაფიას და თქვენ წარმოიდგინეთ რელიგიასაც.
იგივე პრობლემები მქონდა სტამბულშიც და ვარშავაშიც. იყვნენ ტაქსისტები, რომლებიც არარეალურ ფასებს გვთავაზობდნენ და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გონივრულ ფასს გვახდევინებდნენ. მაგრამ ყველაფრისგან არსებობს გამოსავალი, ამ შემთხვევაში კი ტურისტი მეტად უნდა იყოს ინფორმირებული სხვადასხვა საინფორმაციო არხებით (ინტერნეტი,ბუკლეტები, გზამკვლევები, ტაქსის კომპანიები და სხვ.) რომ ტაქსისტებთან მსგავსი ე.წ „იაღლიშები“ არ მოუვიდეთ.
მოკლედ, მე ბევრს აღარ შეგაწყენთ თავს, ისედაც ვრცლად გამომივიდა, რადგან არ მინდოდა სტანდარტულად ნაცნობი სტანდარტული სამი თუ ოთხი სიტყვის ამარად შემოვფარგლულიყავი, თან უბრალოდ, დროც არ მქონდა უფრო მოკლედ დამეწერა ეს ყველაფერი, მაგრამ ერთს კი გეტყვით, ის კვლევა, რომლის მცირე ნაწილსაც გაგიზიარებთ, 2016 წელს ჩატარდა კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ და მისი შედეგები სწორედ, რომ სტატიის სათაურს ეხმაურება. მართალია, ეს კვლევა აჭარის მასშტაბითაა, მაგრამ განზოგადებისათვის და საერთო სურათის აღქმისათვის იქნებ ივარგოს ჰა?!
თუ ვინ და როდის ჩაატარა აღნიშნული კვლევა, რამდენი ტურისტი იქნა გამოკითხული და სად, ეს ყველაფერი ინტერნეტ სივრცეში ხელმისაწვდომია და გირჩევთ სტატიის დაწერამდე ან კომენტარის დადებამდე ჩაიკითხოთ ინფორმაციისთვის, თორემ გაიზიარეთ და დაეთანხმეთ მეთქი, რომ გთხოვოთ ვიცი უშედეგო იქნება
რესპოდენტთა უმეტესობამ (95%-ზე მეტი) სურვილი გამოთქვა კიდევ ერთხელ ეწვიოს რეგიონს და, აგრეთვე, თავიანთ ნაცნობებს აჭარის მონახულების რეკომენდაცია გაუწიოს. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვისაც განმეორებითი ვიზიტის არანაირი სურვილი არ გააჩნდა.
კვლევა იხილეთ სრულად: http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=396202&gid=7#.WWh2B2KGOHs
გისურვეთ წარმატებას და მხიარულ ზაფხულს, შემოდგომას და ზამთარს..
თამარ კაიკაციშვილი (ბლოგი)