უმრავლესობის წევრი თამარ ხულორდავა ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელშიც აფგან მუხტარლის საქმის გამოძიებაზე და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეა საუბარი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე ინტერესი სათანადო გამოძიებით უნდა დაკმაყოფილდეს.
„რეზოლუციაში რომ საუბარი იქნებოდა მუხტარლიზე, ეს მოულოდნელ არ ყოფილა. მეც ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ვთვლი, რომ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და ამ საქმეზე ინტერესი სათანადო გამოძიებით უნდა დავაკმაყოფილოთ. ქართულმა მხარემ დააყენა მოთხოვნა, რომ ჩვენ დავკითხოთ მუხტარლი, იგი არის მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც გამოძიების სწორად წარმართვაში დიდ წვლილს შეიტანს. იმედი მაქვს, რომ ამ ნაბიჯებით დროულად მივალთ შედეგამდე. ყველა ზომა უნდა გამოვიყენოთ, რომ კითხვები არ დარჩეს. მე ვიფიქრებდი, რომ პროკურატურა ჩაერთოს გამოძიებაში, შეიძლება ეს იყოს პირველი ნაბიჯი“, - განაცხადა ხულორდავამ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მკაცრად გმობს საქართველოდან აზერბაიჯელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გატაცების ფაქტს, ბაქოში მის დაკავებასა და მოსალოდნელ გასამართლებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს.