რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტმა გასვლითი სხდომა მარნეულის მუნიციპალიტეტში გამართა.
სხდომა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტში კომიტეტისთვის ეს პირველი გასვლითი სხდომაა.
„ჩვენ პირველი გასვლითი სხდომისთვის შევარჩიეთ მარნეული, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ქალაქი, მიუხედავად იმისა, რომ მას არა აქვს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. ეს არის ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ ქალაქი ვითარდება. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია მოსახლეობის რაოდენობით და ეკონომიკური მდგომარეობით. ამასთანავე, ჩვენი მიზანია, რომ უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს მოსახლეობასთან და მათთან მჭიდრო კომუნიკაციის საფუძველზე მოვისმინოთ, დავგეგმოთ და გადავწყვიტოთ ის პრობლემები, რომელიც ამ ქალაქის და ამ რეგიონის წინაშე დგას", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
კომიტეტის სხდომას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებთან ერთად ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატები, ქვემო ქართლის გუბერნატორი, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილა.
დეპუტატებმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ" და „საავტომობილო გზების შესახებ" კანონპროექტებზე იმსჯელეს და მიმდინარე და 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვემო ქართლის რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. კომიტეტის სხდომაზე პროექტი ივლიანე წულაიამ წარადგინა. „ვთვლით, რომ პარტიას ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში წამომადგენელი არა დაფინანსების მიხედვით, არამედ მიღებული ხმების შესაბამისად უნდა ჰყავდეს, ეს არის სამართლიანი პრინციპი, რადგან ერთ და ორკაციან პარტიებზე ადგილების გადანაწილება არასამართლიანია. ამ პარტიებს არ აქვთ ხალხის მანდატი", - განაცხადა ივლიანე წულაიამ, რომელიც რამდენიმე დეპუტატთან ერთად აღნიშნული ცვლილებების ავტორია.
ორგანული კანონის პროექტის მიზანია, გასწორდეს კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით არსებული ზოგიერთი ნორმა, აღმოიფხვრას სხვადასხვა სახის ტექნიკური ხარვეზი და ნორმათა კოლიზია კანონმდებლობაში, დაიხვეწოს და დაზუსტდეს არსებული პროცედურები და რეგულაციები, ასევე, კოდექსის გარდამავალი დებულებით დარეგულირდეს 2017 წლის ადგილობრივი ორგანოთა არჩევნებისათვის ზოგიერთი პროცედურის შესასრულებლად, ელექტრონული საშუალებების გამოყენების საკითხი. პროექტი სხვა ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნის და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ახალი პროცედურების შემოღებას. ცვლილების თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრების დანიშვნა დაკავშირებული იქნება პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობასთან, ნაცვლად პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებასთან.
პროექტიდან გამომდინარე, აღნიშნული ნაწილში არსებული ცვლილების ძალაში შესვლის დროდ განისაზღვრა - 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული ყველა სახის შემაჯამებელი ოქმის ცესკოს მიერ დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან მეორე დღე.
ცვლილებების მიხედვით, არჩევნები (ამ ეტაპზე მხოლოდ თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები) გაიმართება მისი დანიშვნის დღიდან 60 დღის ვადაში.
„ამ საკანონმდებლო ცვლილებით, პასუხისმგებლიანი პარტიების სტიმულირების მექანიზმი შეიქმნება", - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.
„საავტომობილო გზების შესახებ" კანონპროექტი დეპუტატებს და დამსწრე საზოგადოებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ პირველი მოსმენისათვის წარუდგინა. მისი განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე ხშირია ხმელი ხეების და ტოტების ჩამოვარდნის შემთხვევები, რაც საფრთხეს უქმნის ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას უქმნის საფრთხეს. ხშირად ხის ტოტები საგზაო ნიშნებს ფარავს და აუცილებელია ვარჯის ფორმირება, რომ საგზაო ნიშანი აღქმადი იყოს მძღოლისათვის. კანონპროექტის მიხედვით,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარედ, არაუმეტეს 15 მეტრში არსებული ხე-მცენარეების მოჭრისა და ფორმირების საკითხი წესრიგდება.
ცვლილების მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი გახდება მომსახურების გამწევი და შემოსავლის მიმღები. არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთის მარშუტს განსაზღვავს ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი, ხოლო დასკვნას ცენტრის მიერ მარშუტის განსაზღვრამდე საგზაო დეპარტამენტი გასცემს.
სხდომაზე 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული და დაგეგმილი ქვემო ქართლის რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ პრეზენტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების დეპარტამენტის უფროსმა მინდია ღლონტმა წარადგინა. მან სამინისტროს მიერ 2016 წელს ქვემო ქართლში განხორციელებული პროექტების რაოდენობისა და მათთვის გამოყოფილი თანხების შესახებ დეტალურად ისაუბრა. მომხსენებლის ინფორმაციით, ქვემო ქართლში 2016 წელს 21.3 მლნ. ლარის ღირებულების 57 პროექტი დაფინანსდა. მათ შორის,
დაიგო 51 კმ. გზა
მოეწყო 68.7 კმ. წყალმომარაგების ქსელი
აშენდა 1 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 26 საბავშვო ბაღს
მოეწყო საავტომობილო ხიდი
რეაბილიტაცია ჩაუტარდა 16 მრავალბინიან კორპუსს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების გამგებლებისგან მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის, დაგეგმილი პროექტების და არსებული პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. რიგ პრობლემებთან ერთად რეგიონისთვის ერთი საერთო პრობლემა საძოვრების და სასოფლო-სამეურნეო მიწების სახელმწიფოსგან მოსახლეობაზე გადაცემის კუთხით გამოიკვეთა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, საკითხზე მუშაობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად დაწყებული აქვს. შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავების შემდგომ მოხდება ამ მიწების გამიჯვნა და თვითმმართველობებზე გადაცემა. „ამ პროცესს ვაკვირდებით და თუ საჭირო იქნა ჩავერთვებით უშუალოდ. საკითხის მოგვარების დაჩქარების მიზნით საკითხს განსაკუთრებულ რეჟიმში დავაკვირდებით",- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა.
სხდომაზე ქვემო ქართლის მაჟორიტარმა დეპუტატებმა რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და მოგვარების გზებზე იმსჯელეს. გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ყველა პრობლემის თაობაზე, რომელიც კომიტეტის წინაშე დაისვა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი შუამდგომლობით შესაბამის სამინისტროებს მიმართავს.
სხდომის დასრულების შემდეგ, კომიტეტის წევრები და სხდომაზე დამსწრეები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა, შეკრებილ აუდიტორიას 2017 წელს ქვემო ქართლში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
სტუმრების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი რომელმაც ისაუბრა მუნიციპალიტეტში 2013–2016 წლებში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტზე, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებზე, დანერგილ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე.
„დღეს შედგა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა დ მე ვისურვებდი, რომ ეს თითოეული კომიტეტისათვის ტრადიციად ჩამოყალიბებულიყო, ვინაიდან ადგილზე უფრო მძაფრად შეიგრძნობა ის განწყობები და პრობლემები, რაც მოსახლეობას აწუხებს", -განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გრიგოლ ლილუაშვილმა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც გაგრძელდება.