ვენეციის კომისია საკონსტიტუციო კომისიას გაუნაწილებელ მანდატებზე სხვა ვარიანტების განხილვის რეკომენდაციით მიმართავს. უფრო კონკრეტულად: 1) პროპორციული განაწილება ყველა პოლიტიკურ პარტიაზე, რომელმაც 5 %-იანი ბარიერი გადალახა; 2) მოგებული პარტიისთვის გაუნაწილებელი ხმების განაწილების ზღვარის დადგენა; 3) ბარიერის შემცირება 2 %-დან 3 %-მდე.
"ზოგადად, რეფორმა დადებით შეფასებას იმსახურებს. სრულდება საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუცია მიმართული საპარლამენტო სისტემისკენ. წინ გადადგმული დადებითი ნაბიჯი გააძლიერებს და გააუმჯობესებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობაზე და ფუნდამენტური უფლებების პრინციპებზე დაფუძნებულ საკონსტიტუციო წესრიგს. 2010 წელს ვენეციის კომისიამ გამოთქვა რეკომენდაცია პარლამენტის უფლებამოსილების გაძლიერების და უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრის პროცედურის გადახედვის შესახებ. რეფორმა შეესაბამება ამ მიზნებს და ვენეციის კომისია მხოლოდ მიესალმება საკონსტიტუციო გადასინჯვის მიმდინარე პროცესს.
საქართველო ცენტრალიზებულ ქვეყნად რჩება, ერთპალატიანი პარლამენტით. ქვეყანას აკლია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დიდი ხნის ტრადიცია. არსებობს რისკი იმისა, რომ პარლამენტში უმრავლესობის დომინირებას ექნება ადგილი. გათვალისწინებული უნდა იყოს შემაკავებელი და გამაწონასწორებელი სისტემის გაძლიერების შესაძლებლობა, მაგალითად, პარლამენტის მეორე პალატის შემოღებით და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერებით.
პროპორციული/მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩანაცვლება დადებითი ნაბიჯია, რომლის მიზანია პარლამენტში პლურალიზმის გაზრდა, მაგრამ წინ გადადგმული დადებითი ნაბიჯი შეზღუდულია სამი მექანიზმით: 5 %-იანი ბარიერი შენარჩუნებულია; გაუნაწილებელი ხმების გამარჯვებულ პარტიაზე გადანაწილება და საარჩევნო კოალიციების (პარტიული ბლოკების) გაუქმება. 5%-იანი ბარიერი შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და კრიტიკას არ ექვემდებარება, მაგრამ ერთად აღებული ეს სამი მექანიზმი ზღუდავს პროპორციული სისტემის გავლენას უფრო პატარა პარტიების და პლურალიზმის საზიანოდ", - ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტში.
პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მხრიდან გამოგზავნილია წინასწარი დოკუმენტი და ის ხელმისაწვდომი გახდება სხვა სუბიექტებისთვის საბოლოო დაზუსტების შემდეგ. “საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ვენეციის კომისიის მხრიდან გამოგზავნილი წინასწარი დოკუმენტი. არის მზადყოფნა გაეგზავნოს დოკუმენტი სხვა სუბიექტებს. ჩვენ, ჩვენს კომენტარებს ვუგზავნით ვენეციის კომისიას წინასწარ დოკუმენტთან დაკავშირებით იმისათვის, რომ საბოლოოდ დაზუსტდეს - იქ არის გარკვეული ტექნიკური ტიპის ხარვეზები. ეს არის ორი-სამი დღის საქმე. ამის შემდეგ ხელმისაწვდომი გახდება ოპოზიციური სუბიექტებისათვის. გამოთქმული რეკომენდაციები ჩვენს მიდგომას შეესაბამება, მათ შორის “ბონუსის“ ნაწილში. დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.