ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ოფიციალური მიღება გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა იოსებ ჩახვაშვილმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის შრომის, კოოპერაციისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრის მრჩეველმა და საერთაშორისო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორმა სეიედ ჰასან ჰიფდაჰთანმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-სა და კავკასიისა დეპარტამენტის დირექტორმა ღოლამრეზა ბაყერი მოყადამმა.
სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ირანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების დინამიკაზე. კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის საიუბილეო თარიღი.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას წარედგინა სპეციალურად მომზადებული საიმიჯო ვიდეო რგოლი საქართველოს შესახებ.
სადღესასწაულო მიღებას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, თეირანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და დიპლომატები, აკადემიური წრეებისა და მასმედიის წარმომადგენლები, ფერეიდნელი ქართველები და თეირანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დაესწრნენ.