საკონსტიტუციო ცვლილებები და კონკრეტულად კონსტიტუციის ახალი რედაქციის თავი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ, - ეს იყო მთავარი საკითხი, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმსჯელეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა. არჩილ თალაკვაძის თქმით, შეხვედრის მონაწილეებს მათ მიაწოდეს ინფორმაცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და გამოითქვა მზადყოფნა, რომ გაზიარებული იქნება მოკავშირეების მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით.
"განვიხილეთ ახალი კონსტიტუციის კონკრეტული თავი, რომელიც ეხება სახელმწიფო თავდაცვასა და უსაფრთხოებას. განვიხილეთ ის ცვლილებები და მოდელი, რომელიც თავდაცვისუნარიანობისთვის არის შემოთავაზებული ახალ კონსტიტუციაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოკავშირეების აზრი. რა თქმა უნდა, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ მოსაზრებებსა და რჩევებს, რომელიც ექნებათ ჩვენ მოკავშირეებს და ეს იქნება გათვალისწინებული საპარლამენტო განხილვების დროს. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია და არგუმენტები, რომელიც ამ კონცეფციის სასარგებლოდ გვაქვს",- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ.