მმართველი გუნდის შიგნით პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას აპროტესტებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„კომპრომისის საფუძველზე შეგვეძლო დაგვეტოვებინა მომავალ წელს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით , რომელიც მოქმედ პრეზიდენტს უკავშირდება. საუბარი იყო იმაზე, რომ არსებული მოვლენების გათვალისწინებით, კომპრომისმა აზრი დაკარგა. ეს იყო კონკრეტული დეპუტატების პოზიცია. ამ საკითხზე კიდევ ერთხელ გვექნება მსჯელობა. შეიძლება ვიფიქროთ ორ ალტერნატიულ გადაწყვეტაზე. საბოლოო ჯამში პოზიცია პარლამენტის შიგნით უნდა ჩამოყალიბდეს“, -განაცხადა კობახიძემ.
როგორც თავმჯდომარემ აღნიშნა, კონსტიტუციის რეფორმის წინააღმდეგ დესტრუქციული გეგმა პრეზიდენტის მიერ შედგა და დაიგეგმა.
„გარკვეული დესტრუქციული გეგმები შედგა და დაიწყო მათი განხორციელება. რეალურად ეს დაიგეგმა და განხორციელდა სამწუხაროდ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით, რაც არის ძალიან შემაშფოთებელი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტს ამ სისტემაში აკისრია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია და ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ასეთ პირობებში გეგმავს დესტრუქციულ ქმედებებს საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ. ეს გეგმა სამწუხაროდ არა წარმატებულად, მაგრამ მაინც შედგა. ასეთ შემთხვევაში ლოგიკურია შეკითხვა, კომპრომისს რამდენად აქვს აზრი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.