საქართველოს პრეზიდენტს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეობა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მიანიჭოს აფგან მუხტარლის მეუღლესა და შვილებს, თუმცა ამისათვის აუცილებელია, რომ შესაბამისი დოკუმენტაციით მიმართოს ოჯახმა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მუხტარლის ოჯახის საქმეზე სპეციალური განცხადება გაავრცელა და პრეზიდენტს სთხოვა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა.
გიორგი აბაშიშვილის თქმით, ის ხვალ შეხვდება აფგან მუხტარლის მეუღლეს და აღნიშნულ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განმარტა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, პრეზიდენტს შეუძლია, მუხტარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე თხოვნა რამდენიმე საათში დაუკმაყოფილოს.