პარტია ,,რეფორმატორები'' აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მემორიალის დაზიანების ფაქტს ეხმაურება.
პარტიის ლიდერის, ირაკლი ღლონტის შეფასებით, ამ ვანდალიზმის უკან მაღალი ალბათობით რუსული სპეცსამსახურები დგას.
,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები'' ვგმობთ და გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას თბილისში, ჰეიდარ ალიევის სანაპიროზე მდებარე აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მემორიალს წითელი საღებავით ვანდალურად დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით.
მიგვაჩნია, რომ ეს არის მიზანმიმართული დანაშაულებრივი ქმედება საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული კეთლმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობის წინააღმდეგ. ეს არის უდიდესი უპატივცემულობა პირველ რიგში ქართული სახელმწიფოს მიმართ.
საქართველოს მთავრობამ, საქართველოს პროკურატურამ და შს ორგანოებმა, ყველაფერი უნდა გააკეთონ დანაშაულის გამოძიებისთვის, თუმცა მათ უნდა იცოდნენ, რომ საქმე, მაღალი ალბათობით გვაქვს რუსული სპეც სამსახურის მორიგ სპეც ოპერაციასთან, რომლის მიზანიც ჩვენი სახელმწიფოს დისკრედიტაცია, მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭება და სხვა ინტერესების შელახვაა'', - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, თბილისში, აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მემორიალს წითელი საღებავი შეასხეს.