ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბაშიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის, სენატის თავმჯდომარეს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა.
სენატის შენობაში, გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ყაზახეთის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე და ყაზახეთის რესპუბლიკაში დაგეგმილ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებული საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე გამოითქვა მზადყოფნა ორი ქვეყნის პარლამენტს შორის მუშაობის გააქტიურებისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის სფეროში არსებული ურთიერთობების დადებითი დინამიკა. აღინიშნა, რომ 2016 წლის მონაცემების თანახმად, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 43 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკიდან ტურისტთა ნაკადი 35% პროცენტით გაიზარდა, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ყაზახური ავიაკომპანია ,,AIR ASTANA'' მიერ თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების რაოდენობის გაორმაგება და ქართული ავიაკომპანიების მიერ უახლოეს მომავალში ბათუმიდან ასტანას მიმართულებით ფრენების განხორციელების გადაწყვეტილება. მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს რესპუბლიკას არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორის კომისიას მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გამოთქვეს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი.
ზურაბ აბაშიძემ მადლობა გადაუხადა ყაზახეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.
საქართველოს ელჩმა, ყაზახეთის პარლამენტის, სენატის თავმჯდომარე, პრეზიდენტის ვიზიტის დროს, ექსპოს ფარგლებში ყაზახეთის რესპუბლიკაში ეროვნული დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე დაპატიჟა.
შეხვედრის დასასრულს, ზურაბ აბაშიძემ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის, სენატის თავმჯდომარე საქართველოში მოიწვია.