პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი, ზურაბ ბუჩუკური, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბუჩუკური საქართველოს პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს და მუშაობას აღარც საქართველოს საპატრიარქოში გააგრძელებს, თუმცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რიგებში დარჩება.
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ამბობენ, რომ ახალი ხელმძღანელი ჯერ შერჩეული არ არის და დანიშვნა საქართველოს საპატრიარქოსთან გამართული კონსულტაციების შემდეგ მოხდება.
როგორც "რუსთავი 2" იუწყება, კულუარული ინფორმაციით, ზურაბ ბუჩუკური ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას სულიერი შვილია, რაც მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბუჩუკური სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ, დაიბარა და უთხრა, რომ მას პოსტი უნდა დაეტოვებინა, რადგან ხდებოდა სიტუაციის ესკალაცია საქართველოს საპატრიარქოში.
ცნობისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უკვე მეორე ხელმძღვანელია, რომელიც პოსტიდან მიდის. პირველი სოსო ოხანაშვილი იყო, ილია მეორის ოჯახის წევრი, რომელმაც ე.წ. ციანიდის საქმეზე ატეხილი ხმაურის შემდეგ დატოვა თანამდებობა.
მისი მეგობრის, ბუჩუკურის გათავისუფლება კი საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას, მიერ გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა, რომელმაც ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე და მისი თანამზრახველები ილია მეორის "მოკვდინების" მცდელობაში დაადანაშაულა.