30 მაისს, გურჯაანში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრების პროექტის ფარგლებში გაიმართა ტრენინგი თემაზე „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგულირება და კონტროლი მევენახეობაში“. ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
ტრენინგს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ "სურსათის ეროვნული სააგენტოს" მცენარეთა დაცვისა და აგროქიმიურ საშუალებათა რეგისტრაციისა და კონტროლის სამმართველოს უფროსი მარინა ღვიმეფაძე და მცენარეთა დაცვისა და აგროქიმიურ საშუალებათა რეგისტრაციისა და კონტროლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი დავით სარჯველაძე უძღვებოდნენ.
ტრენინგი მევენახეობაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგულირებასთან და კონტროლთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა. ესენია: კანონმდებლობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მართვის სფეროში, პესტიციდების რეგისტრაციის პრინციპები, აგროქიმიკატების რეგისტრაციის პრინციპები, პესტიციდების სახელმწიფო კატალოგი, ჩანაწერების ჟურნალის წარმოება, პესტიციდების სარეალიზაციო ქსელი, იმპორტი, ხარისხის კონტროლი და სტატისტიკა.
ღონისძიებას კახეთში მოღვაწე მევენახეობა-მეღვინეობით დაკავებული მცირე და საშუალო მეწარმეები ესწრებოდნენ.
„DCFTA საინფორმაციო ცენტრები სატესტო რეჟიმში საქართველოს 5 ქალაქში მუშაობს. დღევანდელი ღონისძიების საჭიროება, მთავარი თემები და პრობლემატიკა DCFTA საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ექსპერტის მიერ ჩატარებული შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა. ის სისტემატიურად მართავს შეხვედრებს ადგილობრივ ბიზნეს-სექტორთან და მუდმივად საქმის კურსშია მათთვის პრობლემატური საკითხების შესახებ.“- აცხადებს DCFTA საიფორმაციო ცენტრების პროექტის ხელმზღვანელი გიორგი ვეკუა.
პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. ის ევროკავშირის ინიციატივა EU4Business-ის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას.