ბათუმს ისრაელში გამოჩენილ ქალთა დელეგაცია ეწვია. ვიზიტის მიზანია საქართველოს მთავარი ტურისტული რეგიონის - აჭარის გაცნობა, ორმხრივი ურთიერთობების ხელშეწყობა და ქალთა საზოგადოებებთან თანამშრომლობა. 400 ქალისგან შემდგარ დელეგაციას და ისრაელის პროფკავშირების წარმომადგენლებს ადგილზე საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის და “ისრაელის სახლის” ხელმძღვანელმა იციკ მოშემ უმასპინძლა. სასტუმრო “ბელაჯიოში” კი გაიმართა შეხვედრა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძეც დაესწრო.
როგორც იციკ მოშემ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და “ისრაელის სახლი” წლებია, აქტიურად მუშაობენ ისრაელ-საქართველოს შორის ორმხრივი ტურიზმის განვითარებასა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. ისრაელელ გამოჩენილ ქალთა დელეგაციაც სწორედ ამ მიზნით ეწვია ბათუმს, რათა გაეცნოს და შემდეგ ისრაელში პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოს ტურისტული პოტენციალს. ამის გარდა, გაეცნონ მესამე სექტორში მომუშავე ადგილობრივ ქალთა საზოგადოებებს, მათ სამუშაო თემატიკას და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები.
იციკ მოშეს თქმით, ისრაელ-საქართველოს ბოლო 35-წლიანი ურთიერთობების ფარგლებში, მესამე სექტორის აქტიური მონაწილეობით, 2025-2026 წლებში დაგეგმილია ტურიზმის პოპულარიზაცია, ჩატარდება სემინარები, შეხვედრები, დაიგეგმება ვიზიტები.
დამსწრე საზოგადოებას მიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ. “ჩვენს ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა არსებობს. ეს არის ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია ნდობაზე, თანადგომასა და ღრმა ურთიერთპატივისცემაზე. ეს მეგობრობა არ არის მხოლოდ წარსული — ის არის ცოცხალი, ძლიერი და მომავლისკენ მიმართული.
ჩვენი როლიც სწორედ ისაა, რომ ხელი შევუწყოთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას”, - განაცხადა დავით გაბაიძემ.
შეხვედრაზე ებრაული სიმღერები შეასრულეს ქართველმა მომღერალმა ქრისტი ჯაფარიძემ და ისრაელელმა შლომო ელჰარარმა.
