რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს 20 პროცენტის ოკუპაცია და მილიტარიზაცია მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველო კარგად აცნობიერებს იმ გამოწვევებსაც, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.
"რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს 20 პროცენტის ოკუპაცია და მილიტარიზაცია მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. გარდა ამისა, ყირიმის უკანონო ანექსია, რომელსაც შედეგად მოჰყვა დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში და გავლენის სფეროს გადანაწილება, ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მშენებლობაში მიღწეული უდიდესი პროგრესის, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების უდიდესი მონაპოვრის გაქარწყლებას ისახავს მიზნად. ჩვენი პასუხი ამ გამოწვევაზე გახლავთ მეტი დემოკრატიზაცია, მეტი ეკონომიკური განვითარება და მეტი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამ გამოწვევებზე დასავლეთის ერთადერთი ქმედითი პასუხი უნდა იყოს მეტი ერთობა და სიმტკიცე თავისუფლებისა და სხვა ფუძემდებლური ღირებულებების დაცვის საკითხში. ღია კარის პოლიტიკა და შესაბამისი სურვილის მქონე ევროპული ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფებების მკაფიო მხარდაჭერა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ რომ დემოკრატიული რეფორმების ნატო-ში ინტეგრაციის და საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებით საქართველომ უკვე შექმნა წინაპირობა, რათა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე, ნატო შემდგომი ნაბიჯები გადადგას.