ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი აცხადებს, საქართველო მის კარგ რეპუტაციას მართლაც ამართლებს. ამის შესახებ ალიმ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მოხარული ვართ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია ტარდება საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც, ნატოს გადაწყვეტილებით, აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი", - ამ სიტყვებით მიესალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და დელეგაციას 26 მაისს ასამბლეის პრეზიდენტ პაოლო ალისთან, ასამბლეის გენერალურ მდივან დევიდ ჰობსსა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ნატოში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის არჩევანი. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მას მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან შედგება. ნატო და საქართველო, უკვე დიდი ხანია, მხარდამხარ იბრძვიან გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის. ალიანსთან ურთიერთობას საქართველოსთვის უკვე მოაქვს კონკრეტული შედეგები - ნატოს ხელშეწყობით ძლიერდება ჩვენი თავდაცვა, უსაფრთხოება და იმედს გამოვთქვამთ, რომ პრაქტიკული თანამშრომლობა მალე მჭიდრო ინტეგრაციაში გადაიზრდება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.