"საქართველომ ისტორიული მნიშვნელობის წარმატებას მიაღწია - ვიზების ლიბერალიზაცია არის მიღწევა, რომელსაც მოაქვს ხელშესახები შედეგები საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე.
მან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, დემოკრატიის განვითარებაზე და ქვეყნის ევრო სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ისაუბრა. პრემიერმა მსმენელებს საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები გააცნო.
„საქართველომ ისტორიული მნიშვნელობის წარმატებას მიაღწია - ვიზების ლიბერალიზაცია არის მიღწევა, რომელსაც მოაქვს ხელშესახები შედეგები საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის. ჩვენ განვახორციელეთ რეფორმები, ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ჩათვლით) და წამოვიწყეთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონმდებლობის ძირეული გარდაქმნის პროცესი, რათა დავუახლოვდეთ ევროპულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სტანდარტებს.
შედეგად, ჩვენ მივაღწიეთ ვიზების ლიბერალიზაციას. ეს ნიშნავს არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეთათვის, ამას აქვს უფრო ღრმა პოლიტიკური დატვირთვა, რადგანაც ევროპამ კარი გაუღო საქართველოს მოქალაქეებს.
ეს არის პოლიტიკური ხასიათის ნაბიჯი ევროპის მხრიდან, რომლითაც დაფასდა საქართველოს ძალისხმევა. ეს წარმატება იოლი მისაღწევი როდი იყო, მას ახლდა მნიშვნელოვანი გამოწვევები, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ჩათვლით. ასე რომ, ეს მართლაც დიდი მიღწევაა,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.