უმნიშვნელოვანესი იყო ანკარას მოვლენების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაუყოვნებლივი ვიზიტი თურქეთში, აღნიშნულის შესახებ განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ჩვენ ძალზე პროდუქტიული და წარმატებული შეხვედრა ჩავატარეთ, მოგვეცა საშუალება, გვესაუბრა ურთიერთობის სხვადასხვა მიმართულებებზე, განგვეხილა დარგობრივი სამინისტროებს შორის აქტუალური საკითხები.
ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გამართულ შეხვედრას. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგები უახლოეს ხანში ნათელი გახდება. საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომა თურქეთში, ქალაქ ანკარაში, გასული წლის ივლისში, შემაძრწუნებელი სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან სამი დღის შემდეგ ჩატარდა. აღნიშნული შეხვედრა ძალზე ნაყოფიერი იყო.
ჩვენ წარმატებით მოვახდინეთ გადატრიალების მცდელობის ლიკვიდაცია. უმნიშვნელოვანესი იყო ამ მოვლენების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაუყოვნებლივი ვიზიტი თურქეთში, რომელმაც შეცვალა გეგმები, რათა დაედასტურებინა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. ჩვენ ამას არ დავივიწყებთ. სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეორე შეხვედრა, რომელიც საქართველოში გაიმართა, ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავს ემთხვევა», აღნიშნა საქართველოში ვიზიტად მყოფნა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა
მან საქართველოს 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წინასწარ მიულოცა.
„მინდა, ეს თარიღი წინასწარ მივულოცო ბატონ პრემიერ-მინისტრს. ცივი ომის დროს, თურქეთი და საქართველო მოწინააღმდეგე ბანაკებში იმყოფებოდნენ, თუმცა 25 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ თანამშრომლობის ისეთ დონეს, რომელსაც სხვა ქვეყნები ასობით წლის განმავლობაში ვერ მიაღწევდნენ.
ჩვენ მივაღწიეთ მეგობრულ, ძმურ ურთიერთობას ასეთ მოკლე პერიოდში, სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებით. ამჟამად, საქართველოსა და თურქეთს შორის პოლიტიკური პრობლემები არ არსებობს.
პირიქით, ჩვენ მრავალი მიმართულებით ყოვლისმომცველი თანამშრომლობა გვაქვს. თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში და ეს მხოლოდ დასაწყისია. მომავალში სავაჭრო ბრუნვა გაორმაგდება და ჩვენ გვაქვს საშუალება, ამაში წვლილი შევიტანოთ.
ჩვენ გვსურს, სავაჭრო ურთიერთობაში უზრუნველყოფილი იყოს ბალანსი და ერთობლივად ვიმუშავებთ ამ საკითხებზე. ორ ქვეყანას შორის ყოველგვარი შეზღუდვა მოხსნილია. იმან, რომ მოგზაურობისთვის უცხოური პასპორტებიც კი არ არის საჭირო, ჩვენი მოქალაქეები გაცილებით უფრო დააახლოვა. თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანი შეთანხმებები აკავშირებს. ამ თანამშრომლობას რეგიონული სტრუქტურების ჩამოსაყალიბებლად ძალიან სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ 25 წლის განმავლობაში საქართველომ და თურქეთმა მიაღწიეს მეგობრულ, კეთილმეზობლურ და ძმურ ურთიერთობებს, რაც ნაკარნახევია გეოგრაფიით, სტრატეგიული თანამშრომლობის საჭიროებით და ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებას. ორივე მხარე მივიღებთ სარგებელს თანამშრომლობის ყველა მექანიზმიდან და მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ ერთმანეთს ჩვენი ურთიერთობების გაფართოებაში. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ცხადყოფს, რომ აღნიშნული დინამიკა ღრმავდება. თურქეთი განაგრძობს ორი ძირითადი პრინციპის მხარდაჭერას - ეს გახლავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს სუვერენული უფლებები. არავის აქვს უფლება, დაარღვიოს ეს ორი მოცემულობა. ნებისმიერი პრობლემა, თუ რამ შეიძლება წარმოიშვას, უნდა მოგვარდეს ურთიერთთანამშრომლობით. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული პრობლემებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ჩემს მიერ ხსენებული ორი პრინციპი», განაცხადა ბინალი ილდირიმმა.