“ჩვენ გვქონდა ძალზედ ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული შეხვედრა“, აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, შეხვედრაზე ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრზე იმსჯელეს. ასევე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
„მხარეებს შორის გაიცვალა მოსაზრებები რეგიონსა და გლობალურად მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით.
კმაყოფილებით აღვნიშნეთ პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსივობა, რაც აისახება მაღალი დონის ვიზიტების დინამიკაში და იმ შედეგებში, რომელიც კონკრეტულ სფეროებში გაგვაჩნია - ინტეგრაციის მიმართულებით სხვადასხვა სფეროში და თურქეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ევროპული მისწრაფებების გზაზე ამ უაღრესად მნიშვნელოვანი როლის შესრულებას. თურქეთი, ასევე ჩვენი საიმედო პარტნიორია თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში და ამ მიმართულებითაც მხარეები განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას.
შეხვედრის მსვლელობისას დავსახეთ ორმხრივი ვაჭრობის შემდგომი გააქტიურების პერსპექტივები. თურქეთი არის საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. ამასთანავე, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ გამოუყენებელი პოტენციალის რეალიზაცია უფრო მომგებიანს გახდის ისედაც ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებს. დღეს ხელი მოეწერა დეკლარაციას საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის (JETCO) დაფუძნების შესახებ, რაც ამ მიმართულებით წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი გახლავთ“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.