2017 წლის 23 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-10 შეხვედრა.
სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
მხარეები განიხილავენ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესს, მათ შორის, პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლების და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით. შეხვედრის მონაწილეები ისაუბრებენ აგრეთვე საკონსტიტუციო რეფორმებსა და საჯარო მოხელეების პროფესიონალიზმისა და შესაძლებლობების განვითარების საკითხებზე.
შეხვედრას საქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. აშშ-ს მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იქნებიან ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სკოტ ბასბი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი მარგოტ ელისი.