საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იორდანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლეს კომისარს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს ფედერიკა მოგერინის შეხვდა.
სამუშაო სადილზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ ისაუბრეს. პრემიერმინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ნოემბერში ბრიუსელში დაგეგმილი სამიტი პრაქტიკულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ასოცირების შეთანხმებისა და 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის ეფექტურ იმპლემენტაციას. შეხვედრაზე ისაუბრეს ვიზის ლიბერალიზაციის შემდგომ ნაბიჯებზე და ამ მიმართულებით საქართველოს პროგრესზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარება. ფედერიკა მოგერინიმ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგულია.
იორდანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში 50 ქვეყნის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართავს. კვირიკაშვილი უკვე შეხვდა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფეს აბდულა მეორეს, მან შეხვედრა გამართა ასევე ქვეყნის პრემიერმინისტრთან ჰანი მულკისთან. გუშინ საქართველოს პრემიერი შეხვდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბორდე ბრენგეს.