საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი შეაფასა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა ახალი ადმინისტრაციის უმაღლეს დონეზე.
"აშშ-ში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. ჩვენ მივიღეთ მკაფიო გზავნილები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის თაობაზე, ასევე, სტრატეგიული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობთ, იყო ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი. მინდა, მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრს. ძალიან დიდი სამუშაო გასწია ჩვენმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ელჩს და საელჩოს. ვიზიტი იყო კარგად მომზადებული. არა მხოლოდ ეს ვიზიტი, არამედ რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელიც მას წინ უძღოდა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.