ჩვენ კავშირზე ვართ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და იმედი გვაქვს, რომ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება ბრიუსელის მხრიდან, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერის მიერ გუშინ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას.
როგორც დონდუამ აღნიშნა, ევროკავშირის პოზიცია არ შეცვლილა და ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის მოგვარებას საერთაშორისო სამართლის პრინციპებით.
"ასე იყო ცოტა ხნის წინ, როდესაც ცხინვალის რეგიონში ჩატარდა ე.წ. არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი - ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოეხმაურა და დაგმო რუსეთის ფედერაციის ეს პროვოკაციული ქმედება საქართველოს ტერიტორიაზე. ასე რომ, ამ მხრივ ევროკავშირის პოზიცია არ შეცვლილა და როგორც აღვნიშნე, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის მოგვარებას საერთაშორისო სამართლის პრინციპებით. ის, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ჟენევის თანათავმჯდომარის მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ მიუღებელი და გაუგებარია. ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ხელს არ უწყობს როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის. ჩვენ კავშირზე ვართ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და იმედი გვაქვს, რომ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება ბრიუსელის მხრიდან“, - განაცხადა დონდუამ.