ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა. მან ხანდოს ხეობაში მიმდინარე მშენებლობაზე ისაუბრა და გადამცემი ხაზების დადგმის შესახებ დოკუმენტები და ნებართვები წარმოადგინა.
მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, მაგრამ ზოგიერთი დესტრუქციული ძალა ცდილობს მოსახლეობას შეცდომით მიაწოდოს ინფორმაცია და ააბუნტოს.
„გვაბრალებენ ბარბაროსული და ვანდალურ ქმედებებს, თითქოს, ჩვენ მოვთხარეთ საფლავები, ამოვყარეთ მიცვალებულები და მათ შეურაცხყოფა მივაყენეთ. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. ეს არის ამორალური, უზნეო საქციელი ამ დესტრუქციული ძალების მხრიდან. ჩვენ არანაირ საფლავებს არ ვთხრით, კონკრეტულად ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ ადგილობრივი მოსახლეობის აბუნტებას, შეცდომაში შეყვანას. ძალიან ხშირად ისმის, რომ არ არსებობს არანაირი დასკვნა, ეს არის დიდი ტყუილი,“- განაცხადა კახი კალაძემ.