ეს იყო პირადი ანგარიშსწორება, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ საქმეს, სადაც ოთარ ფარცხალაძის სახელი და გვარი ფიგურირებს, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ მასზე განხორციელებული თავდასხმაზე საუბრისას, "რუსთავი 2"-ს განუცხადა.
მისი განცხადებით, თუ ფარცხალაძეს ჰგონია, რომ შიშს დანერგავს, ან რაღაცას გადაასწორებს, ძალიან ცდება.
"ამ საკითხთან დაკავშირებით მას აქვს ინფორმაცია, ადამიანს აქვს სრული დაუსჯელობის განცდა, ამ კლუბში ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, ამ ადამინების თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი. მას თუ ჰგონია, რომ შიშს დანერგავს, ან ვიღაცა რაღაცას გადაასწორებს, ძალიან ცდება“, - განაცხადა ლაშა თორდიამ.
ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. შემთხვევა გუშინ თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. როგორც მოგვიანებით, თავად თორდიამ განაცხადა, მასზე თავდასხმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ თანმხლებ პირებთან ერთად განახორციელა.