ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ესტონეთში მონაწილეობა მიიღო ლენარტ მერის კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში თემაზე "აღმოსავლეთ პარტნიორების უსაფრთხოება" (Securing the Eastern Partners), სადაც განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი, ესტონეთის, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტობისა და ნატოსა და ევროკავშირის როლი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა ესტონურ მხარეს მსგავსი კონფერენციის ჩატარებისთვის, აგრეთვე, ასოცირების შესახებ და მისივე შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში ექსპერტულ დონეზე და გამოცდილების გაზიარების მხრივ გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ ესტონეთი არის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ყველა შესაბამის სფეროში.
ვიქტორ დოლიძემ, ასევე, ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე-ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებზე: სტრატეგიული კომუნიკაციის, პარტნიორებთან შავი ზღვის რეგიონისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხებზე. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატზე, როგორც პარტნიორობის უნიკალურ მექანიზმზე, რომელსაც გააჩნია ტრანსფორმაციის პოტენციალი.
სახელმწიფო მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, რომელიც საქართველოს უფრო აახლოვებს ევროპულ სტანდარტებთან. ამ კუთხით მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, აგრეთვე, ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე და საქართველოსთვის კიდევ უფრო მეტი პროგრამებისა და ინსტრუმენტების გამოყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გამოსვლაში ვიქტორ დოლიძემ ხაზი გაუსვა საქართველო-ნატოს შორის არსებულ დინამიურ თანამშრომლობას და ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე.
სახელმწიფო მინისტრმა საქართველოში და ზოგადად რეგიონში უსაფართხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და გამოწვევებზე საუბრისას განიხილა რუსეთის მიერ წარმოებული მზარდ ანტი-დასავლურ პროპაგანდა, პროპაგანდასთან ბრძოლაში სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესების გზებზე ისაუბრა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიებზე გაამახვილა ყურადღება.
ესტონეთში ლენარტ მერის მაღალი დონის კონფერენცია ყოველწლიურად იმართება, სადაც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებს განიხილავენ.